მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართული მხარე პროვოცირებს ჩვენს მაქალაქეებს, რომ მათ საზღვარი უკანონოდ გადაკვეთონ“ - ცხინვალი

ცხინვალი კარანტინის გაუქმებაზე

„საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მათ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს ხუთდღიანი კარანტინი გააუქმეს, არის პროვოკაცია“. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის „უშიშროების კომიტეტში“ განუცხადეს.

„საქართველოში ამჟამად კორონავირუსის პანდემიის მესამე ტალღაა დაწყებული. ეპიდემიოლოგიური ვითარება ყოველდღე უარესდება. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების მიმართ თბილისის შეთავაზება, რომ მათ სამედიცინო დახმარების მისაღებად 5-დღიანი კარანტინის გარეშე საზღვრის გადაკვეთა შეუძლიათ, არის პროვოკაცია. ის მოსახლეობის უსაფრთხოებას ემუქრება“ - აცხადებენ ე.წ. უშიშროების კომიტეტში.

ცხინვალი მოუწოდებს მოსახლეობას, რომ „საზღვრის“ გადაკვეთისგან თავი შეიკავოს. ე.წ. უშიშროების კომიტეტი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ „საზღვრის“ უკანონო გადაკვეთის შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული.

ცხინვალი მოსახლეობას ინფორმაციას აწვდის, რომ საქართველოში კორონავირუსის 295 936 შემთხვევა დაფიქსირდა და 3 949 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთანავე ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა ამ სტატისტიკას ხელოვნურად შემცირებულს უწოდებს და არ გამორიცხავს, რომ ინფიცირების რეალური მაჩვენებელი 5-ჯერ მაღალია.