მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლავროვი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკების დაწყებისკენ უბიძგებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი

„ლავროვი ინტენსიურ დიალოგებს მართავს, რათა სომხეთმა და აზერბაიჯანმა ცეცხლი შეწყვიტონ და მოლაპარაკება დაიწყონ“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

ზახაროვას თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარების გამწვავების ფონზე, მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლი შეაჩერონ და მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ სიტუაციის სტაბილიზაციისთვის.

აგრეთვე, რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლავროვი უკვე ესაუბრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტზე.

რუსეთის დიპლომატიური სამსახურის პრეს-სამსახურში აღნიშნავენ, რომ ლავროვმა სერიოზული შეშფოთება გამოხატა სომეხ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას მთიან ყარაბაღში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას.

ლავროვმა, აგრეთვე, მოლაპარაკება გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან. „მათ სომხეთის აგრესია განიხილეს“, - აცხადებენ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა და საომარი მოქმედებები კვლავ განახლდა.

სომხეთმა საომარი მოქმედება გამოაცხადა. თავის მხრივ აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებს, რომ სომხეთს პასუხის გარეშე არ დატოვებს.