მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მართლმადიდებელი საქართველო რუსეთისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე აფხაზეთი - eadaily.com

აფხაზეთის და რუსეთის მომავალი

ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე და მოსკოვი-თბილისის ურთიერთობების მომავალზე გამოცემა eadaily.com ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

„რას გვაძლევს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება“? - წერს ჟურნალისტი ნიკოლაი სოროკინი. მისი თქმით, რუსეთმა აფხაზეთში მილიარდობით რუბლი ჩადო, მაგრამ იქ მაინც ყველაფერი დანგრეულია, ხალხი უმუშევარი, ხოლო სამართლებრივ სისტემაში სრული განუკითხაობაა.

აფხაზეთი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ აფხაზეთში დაბადებულ რუსეთის მოქალაქეს მისი მოქალაქეობის მიღება არ შეუძლია. ბიზნესსაქმიანობის დასაწყებად კი მას აუცილებლად ადგილობრივი პარტნიორი სჭირდება. აფხაზეთში დღითი დღე ანტირუსული განწყობები მატულობს. კონფლიქტის დროს აფხაზეთიდან წასულ ათასობით რუს ლტოლვილს აფხაზეთში ქონებას არ უბრუნებენ, ზოგჯერ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიც კი არ სრულდება. რუსი ლტოლვილები კი წლებია ნაქირავებ ბინებში ცხოვრობენ როსტოვში, კრასნოდარში და სტავროპოლში. ამის შემდეგ ჩნდება შეკითხვა: რატომ უნდა ვაჭამოთ აფხაზეთს? თუკი ეს აფხაზეთში რუსული ბაზების ყოფნის გადასახადია, მაშინ ასეთ ინვესტიციას შესაბამისი სახელი უნდა დაერქვას. ახლა კი აფხაზეთის მოსახლეობას ექმნება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი მას ფულს აძლევს, რადგანაც ვალდებულია, ეს გააკეთოს. ეს არ არის პარტნიორული ურთიერთობები“ - წერს eadaily.com

„რუსულ ბაზებზე საუბრისას მეორე შეკითხვა იბადება. ვისგან გვიცავს აფხაზეთში არსებული ჩვენი ბაზები? თურქეთისგან? ის ჩვენზე თავდასხმას არ აპირებს. თავად აფხაზეთი სავსეა თურქი ბიზნესმენებით, თურქეთი იქ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. საქართველოსგან? ეს საერთოდ ფანტასტიკაა. თავად აფხაზეთის და საქართველოს მოსახლეობა ურთიერთობს და აფხაზეთში ქართველებიც ცხოვრობენ, რომლებსაც თავის ნათესავებთან მჭიდრო ურთიერთობები აქვთ. ქართველები აფხაზეთის სამთავრობო სტრუქტურებშიც არიან წარმოდგენილები. აფხაზეთის ახალგაზრდების დიდი ნაწილი სულაც არ არის საქართველოსთან ურთიერთობების დაახლოების წინააღმდეგი.

ბოლო დროს რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. სრულიად ნათელი გახდა, რომ უკონტროლო და უსაზღვრო რაოდენობის თანხებს აფხაზეთს აღარ მისცემენ. რუს ბიზნესმენებს აფხაზეთში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი უნდა გაუჩნდეს. რუსეთის მოქალაქეებს კი ქონების შეძენის უფლება უნდა მიეცეთ.

აფხაზეთში დასასვენებლად ჩასვლის სურვილი ბევრ ადამიანს არა აქვს. ეს დაბალი სერვისის ბრალია. რუს ტურისტებს ურჩევნიათ ეგვიპტეში ან სხვა რომელიმე ქვეყანაში წასვლა. ძალით აფხაზეთში ტურისტებს ვერ გააგზავნი. კიდევ ერთი სეზონის ჩავარდნა კი აფხაზეთს უდიდეს ზიანს მიაყენებს.

აუცილებელია ფართო დისკუსია რუსეთში, თუ რას აძლევს მოსკოვს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება. ეს ხომ საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენის მთავარი დაბრკოლებაა. რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების გაუარესების ფონზე, რუსულ-ქართული დიალოგი, რა თქმა უნდა, გააქტიურდება.

მოსკოვსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ერთ-ერთი ვარიანტია, საქართველოს მიერ მიხეილ სააკაშვილის გამოცხადება სამხედრო დამნაშავედ და ამის სანაცვლოდ მოსკოვი თბილისთან დიპლომატიურ ურთიერთობებს აღადგენს, აფხაზეთში მყოფი რუსული სამხედრო ნაწილები კი სამშვიდობო ძალებად გადაკეთდება. თუმცა რჩება შეკითხვა - რა უნდა ვუყოთ აფხაზეთის მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისთვისაც ეს ვარიანტი მიუღებელია?

აფხაზეთზე საუბრისას აუცილებელია ადგილობრივი სომხების ფაქტორის გათვალისწინებაც. არაოფიციალური ინფორმაციით, ისინი რაოდენობით პირველ ადგილზე არიან. სომხებს მჭიდრო კონტაქტები აქვთ სოჭში და კრასნოდარის მხარის სხვა ქალაქებში მცხოვრებ სომხებთან. ეს კავშირები არა მარტო ბიზნეს-საქმიანობისთვის გამოიყენება, არამედ სომხები აქტიურად არიან ჩართულები აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც.

დღეს აფხაზეთი გზაგასაყარზეა. აფხაზებმა საკუთარი განვითარების ოპტიმალური ვარიანტი თავად უნდა მოიფიქრონ. აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ადრე თუ გვიან აღდგება. მართლმადიდებელი საქართველო რუსეთისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე აფხაზეთი“ - წერს eadaily.com.