მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მხოლოდ დიპლომატიური განცხადებები არ იქნება საკმარისი რუსეთის შესაჩერებლად“ - კონფლიქტოლოგი

სამხედრო საკითხების ექსპერტი

„დიდი სამხედრო ცოდნა არ სჭირდება იმის გამოცნობას, რომ რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მომავალი კვირიდან გემებისთვის დაკეტოს აზოვისა და შავი ზღვის დამაკავშირებელი ქერჩის სრუტე, პირდაპირ საფრთხეს უქმნის უკრაინის ქ. მარიუპოლს“, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგი ზურაბ ბატიაშვილის სოციალურ ქსელში წერს.

მისი შეფასებით, უკრაინასთან ომის დაწყების შემთხვევაში, რუსეთი დონბასსა და ოკუპირებულ ყირიმს შორის სახმელეთო დერეფნის გაჭრას შეეცდება და ეს პროგრამა მინიმუმი იქნება.

„საინტერესოა, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, ამ მომენტისთვის რუსეთს უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ყირიმში მობილიზებული ჰყავს 90 000-მდე ცოცხალი ძალა, რაც ამ თვის ბოლომდე 110 ათასამდე გაიზრდება. თუ ამას დონბასელ 30 000-მდე მებრძოლს დავუმატებთ, ვიღებთ საკმაოდ სოლიდურ დამრტყმელ ძალას (140 000 კაცი), რისი გაჩერებაც შეტევის შემთხვევაში უკრაინას ძალიან გაუჭირდება.

როგორც ჩანს, ომის შემთხვევაში რუსეთის პროგრამა მინიმუმი იქნება სახმელეთო კორიდორის გაჭრა დონბასსა და ოკუპირებულ ყირიმს შორის (ამას ადასტურებს მარიუპოლის სამიზნეში ამოღება). პროგრამა მაქსიმუმი კი შეიძლება იყოს სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინის დაკავება.

საინტერესოა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, დონბასის თავზე უკვე გამოჩნდნენ თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები. კრემლთან დაახლოებული წყაროები კი იუწყებიან, რომ თურქული მხარის ორგანიზებით ჩრდ. სირიაში დაიწყო კავკასიური წარმოშობის ბოევიკების შერჩევა მათი უკრაინაში გადასროლის მიზნით“, - აცხადებს ზურაბ ბატიაშვილი.

როგორც კონფლიქტოლოგი აღნიშნავს, სიტუაცია იმდენად სერიოზულია, რომ რუსეთის შესაკავებლად დიპლომატიური განცხადებები საკმარისი არ იქნება.

„პარალელურად დღეს თეთრ სახლში განიხილავენ უკრაინის კრიზისს და უკვე რამდენიმე საათში ელიან ბაიდენის სპეციალურ მიმართვას ამ საკითხთან დაკავშირებით. სიტუაცია აჩვენებს, რომ მხოლოდ დიპლომატიური განცხადებები არ იქნება საკმარისი რუსეთის შესაჩერებლად და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა გახდება საჭირო“, - წერს ზურაბ ბატიაშვილი.

ცნობისთვის, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მდგომარეობა განსაკუთრებით აპრილის დასაწყისიდან გამწვავდა. პრორუსი სეპარატისტები უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართულებით ყოველდღე ცეცხლს ხსნიან. არიან დაღუპულები და დაჭრილები.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ რუსეთის შეტევა უკრაინაზე შეიძლება მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს - კრავჩუკი

⭕ აღმოსავლეთ უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

⭕ ნატოს გენმდივანი რუსეთს უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს