ოკუპირებული აფხაზეთის სომხური დიასპორა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერთა შტაბს შეუერთდა. ამის შესახებ apsadgil.info იუწყება.
ეს საკითხები სომხური დიასპორის ხელმძღვანელის გალუსტ ტრაპიზონიანის, საზოგადოებრივი პალატის წარმომადგენლის ვალერი მაირომიანის, „აფხაზეთის კაზაკთა რაზმის“ ატამანის ვადიმ მირონენკოს და აფხაზეთის რუსთა სათვისტომოს რომან რიაზანცევის შეხვედრაზე განიხილეს.
„ჩვენ მივესალმებით ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერთა საზოგადოებრივი შტაბის შექმნას. აფხაზეთისთვის რუსეთი მეზობელიც არის, სტრატეგიული პარტნიორიც, ხოლო ჩვენს ერებს მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს“ - განაცხადა გალუსტ ტრაპიზონიანმა.
რუსეთის სათვისტომოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ მარშალ ბაგრამიანის სახელობის ბატალიონმა „სამამულო ომის“ დროს „დიდი როლი შეასრულა ქართველი აგრესორების დამარცხებაში“. მათივე თქმით, ბატალიონში სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები შედიოდნენ. მათ შორის იყვნენ მოხალისეები რუსეთიდან.
ცნობისთვის, სოხუმში 1-ელ თებერვალს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი საზოგადოებრივი შტაბი გაიხსნა. ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ შტაბში შედიან სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის აქტივისტები.
იხილეთ აგრეთვე:
🔰 ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ელოდებიან
🔰 ცხინვალი: თბილისმა მსოფლიო თანამეგობრობას დამახინჯებული ფაქტები მიაწოდა