მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში მანდარინს ვერ ყიდიან

აფხაზური მანდარინი რუსეთში ვერ გააქვთ

ოკუპირებულ აფხაზეთში წელს მანდარინის კარგი მოსავალია, მაგრამ მისი გაყიდვა რუსეთში მრავალ სირთულესთან არის დაკავშირებული.  ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. 

ამ ინფორმაციის მიხედვით, მხოლოდ გულრიფშის რაიონში 22 ათასი ტონა მანდარინი დაკრიფეს. ეს 2019 წლის მთელ მოსავალზე 8 ათასი ტონით მეტია.

ფერმერები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ რუსეთის საზღვარზე პროდუქციის გადატანა სულ უფრო რთული ხდება და ყოველ წელს დამატებითი საბუთების წარდგენაა აუცილებელი. იქმნება უზარმაზარი რიგები და მანქანებს საზღვარზე დგომა რამდენიმე დღის განმავლობაში უწევთ.

ერთ ადამიანს დეკლარაციის გარეშე საზღვარზე მხოლოდ 25 კილოგრამი მანდარინის გადატანა შეუძლია, მაშინ, როდესაც შარშან მებაჟეებს 100 კილოგრამის გატანის შემთხვევაშიც კი პრეტენზია არ ჰქონიათ.

მაშინ როდესაც ადრე მანდარინი ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარი ავტომანქანებით გაჰქონდა, ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ ეს პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. დაშვებულ წონაზე მეტ პროდუქციაზე მისი ფასის 30%-ის გადახდაა აუცილებელი, რაც გლეხებისთვის ძალზე მაღალი გადასახადია. შესაბამისად, ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში მანდარინის ექსპორტი მონოპოლისტების ხელში გადადის.