მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პაატა ზაქარეიშვილი: ხელისუფლებამ ბჟანიას განცხადება უნდა გამოიყენოს

კონფლიქტოლოგი

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობასთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი უნდა მოაწეროს. ამის შესახებ მან PIA.GE-სთან საუბარში განაცხადა.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განცხადება მთავრობამ აუცილებლად უნდა განიხილოს და ურთიერთობების დასალაგებლად გამოიყენოს.

„ხშირად მითქვამს, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება აუცილებლად უნდა გაფორმდეს, რომელშიც როგორც ჩვენი, ისე ოკუპირებული რეგიონის ინტერესები ჩაიდება. დღეს მთავრობას აფხაზეთისთვის არ საცალია, თუმცა ბჟანია უკვე ნახევარი წელია აკეთებს განცხადებებს, რომელიც შეგვიძლია ორმხრივი სარგებლობისთვის გამოვიყენოთ. სამწუხაროდ, ხელისუფლება უკეთეს შემთხვევაში, არ რეაგირებს და უარეს შემთხვევაში, ცუდად რეაგირებს აფხაზეთიდან წამოსულ მესიჯებზე. როცა პირველად ბჟანიამ განაცხადა, რომ კარგი იქნება თუ საქართველოსთან პირდაპირი დიალოგის შესაძლებლობა იქნება, უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნა, რომ ჩვენ აფხაზებს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში ვესაუბრებითო. ანუ მან ისიც არ იცოდა, რომ ჟენევის ფორმატი ქართულ-რუსული უერთიერთობის დარეგულირებისთვისაა შექმნილი და არა აფხაზებთან და ოსებთან სასაუბროდ. ამ დროისთვის პრემიერის გარდა, ვერავინ უპასუხებს ამ განცხადებას, რადგან სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ჯერჯერობით არ გვყავს, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებულ რეგიონს, როგორც მხარეს, არ შეიძლება უპასუხოს “,- აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, საჭიროა ხელისუფლების მხრიდან საპასუხო განცხადება გაკეთდეს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ „დამოუკიდებლობის“ აღიარების გარეშე, თბილისთან ურთიერთობების დასალაგებლად მზადაა. მან საქართველოს ხელისუფლებისგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაზე ხელის მოწერა მოითხოვა.