მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაშინიანი: ყარაბაღის სტატუსი და ტერიტორიების დაბრუნების საკითხი სხვადასხვა თემებია

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებაში აზერბაიჯანსა და თურქეთს ადანაშაულებს. „აზერბაიჯანმა ულტიმატუმი წამოგვიყენა, რომლის მიზანი შემდეგია - არცახის (მთიანი ყარაბაღის) მოსახლეობამ საკუთარ უფლებებზე უარი უნდა განაცხადოს. აზერბაიჯანი ითხოვს მისთვის 7-დან 5 რაიონის დაუყოვნებლივ გადაცემას, შემდეგ იმ 2 დარჩენილი რაიონის გადაცემის გრაფიკის წარმოდგენას და მთიანი ყარაბაღის სტატუსის განხილვას მხოლოდ აზერბაიჯანის შემადგენლობაში. ამ დროს ყარაბაღის სტატუსი და აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების დაბრუნების საკითხი სხვადასხვა თემებია“ - ამბობს ფაშინიანი.

მისი თქმით, აზერბაიჯანი ფაქტობრივად მთიანი ყარაბაღიდან სომხური მოსახლეობის განდევნას გეგმავს. „მისთვის მისაღებია მთიანი ყარაბაღის სტატუსი მხოლოდ აზერბაიჯანის შემადგენლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ პრობლემის გადაჭრას სამხედრო გზით აპირებს. თუმცა სამხედრო გზით აზერბაიჯანმა ყარაბაღის საკითხის გადაჭრა რამდენჯერმე სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ახლა კი მას თურქეთი და სირიიდან ჩაყვანილი დაქირავებული ტერორისტები ეხმარებიან. თუ თურქეთმა ამ რეგიონში თავის მიზანს მიაღწია, ეს ძალიან ცუდი ნიშანი იქნება როგორც სამხრეთ კავკასიისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის და ეს ყველა ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს“ - ამბობს ფაშინიანი. ინფორმაციას news.am ავრცელებს.

ცნობისთვის, დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება, ვინაიდან სომხეთს სამშვიდობო მოლაპარაკება არ სურს.

მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ამ ხნის განმავლობაში 500-ზე მეტი ჯარისკაცი და ოფიცერი დაიღუპა. აზერბაიჯანული მხარის დანაკარგების შესახებ უცნობია.

10 ოქტომბერს მოსკოვში აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის მიუხედავად, კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა.