მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაშინიანი: ომი იმიტომ გავაჩერეთ, რომ სხვა გზა არ გვქონდა

სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი

„ომის შეჩერება ფრონტზე გამოწვეულმა უმძიმესმა მდგომარეობამ გვაიძულა“. ამის შესახებ ვიდეომიმართვაში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. „მთიან ყარაბაღში ჩვენი ძალები გმირულად იბრძოდნენ, მაგრამ რესურსი ამოუწურავი არ არის. თვითონ შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმაც მომმართეს თხოვნით, რომ ზავს მოვაწერო ხელი.

სერიოზული პრობლემები შეიქმნა ადგილობრივ მოსახლეობასა და შეიარაღებულ ძალებს შორის. ხშირად ადგილობრივები ჯარს არ უშვებდნენ სამხედრო ნაწილებიდან, შესაბამისად ისინი ფრონტის ხაზზე ვერ მიდიოდნენ, რამდენჯერმე ამ პრობლემის გადაჭრა მოხდა, რამდენჯერმე ვერა“ - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. ინფორმაციას Armenpress ავრცელებს.

მან ასევე განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში ჩასული მოხალისეები საბრძოლველად კარგად მომზადებულები არ იყვნენ. ამის გამო ხშირი იყო პოზიციების მიტოვების და დეზერტირობის ფაქტები.

„ახლა ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებას სრული კატასტროფა მოჰყვებოდა. სწორედ ამიტომ იყო მიღებული ეს გადაწყვეტილება. ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა ჩემთვის, მაგრამ მე ამაზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ“ - განაცხადა ფაშინიანმა.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების 9-პუნქტიანი გეგმა გამოქვეყნდა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი. ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის მოსახლეობას დიდი გამარჯვება მიულოცა. მისი ინფორმაციით, რეგიონში რუსეთის და თურქეთის სამშვიდობო ძალები განთავსდებიან.