მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთი ამაოდ ცდილობს საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაცია მოახდინოს

ფასადი

„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთან არის რუსეთის მხრიდან მორიგი პროვოკაციული ნაბიჯი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის გაგრძელებას“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. 

უწყების ცნობით, რუსეთი საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციას ამაოდ ცდილობს.

„მსგავსი ქმედებებით რუსეთი ამაოდ ცდილობს, მოახდინოს საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაცია იმ ფონზე, როდესაც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უხეში დარღვევით რუსეთი აგრძელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციას და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ ნაბიჯების გადადგმას.

საერთაშორისო საზოგადოება ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას. საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე პოზიცია კიდევ ერთხელ დაადასტურა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციასა და ეფექტურ კონტროლს და არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილებით, ოკუპაციის წინააღმდეგ საქართველოს სამართლიანი ბრძოლის მნიშვნელობა დადასტურდა.

„სტრასბურგის სასამართლომ სწორედ რუსეთის ფედერაციას დააკისრა პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის მიმდინარეობისას ისევე, როგორც ომის შემდგომ, ოკუპაციის პერიოდში საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებისთვის, მათ შორის ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილისთვის საკუთარ სახლში დაბრუნების უფლების ხელყოფისთვის.

აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს სამართლიანი და მშვიდობიანი ბრძოლის მნიშვნელობას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცების მიმართულებით“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

👉 ინფორმაციისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ დიმიტრი მედოევმა მოსკოვში ხელი მოაწერეს 2021-2022 წლის „კონსულტაციების გეგმას“.