მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველო რეგიონში დესტაბილიზაციის ფაქტორს წარმოადგენს - ცხინვალი

ბიბილოვთან თათბირი

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი ე.წ. საგარეო დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ "საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა განაგრძობს ნატოს და ევროკავშირის სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციას, რაც რეგიონში დესტაბილიზაციის ფაქტორს წარმოადგენს“. ამის შესახებ "სპუტნიკი" იუწყება. 

„თბილისი და მისი მოკავშირეები სამხრეთ ოსეთის საზღვრის პერიმეტრზე დაძაბულობის კერებს ქმნიან. თბილისი ასევე ახორციელებს პროვოკაციულ ქმედებებს, რათა საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრის დელიმიტაციის პროცესს ხელი შეუშალოს“ - განაცხადა ე.წ. საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა ალექსეი ვარზიევმა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო-ბიოლოგიური ლაბორატორიების ქსელი მდებარეობს, რომელიც მთელ რეგიონს საფრთხეს უქმნის.

ბიბილოვმა განაცხადა, რომ საქართველო რევანშისტულ გეგმებზე უარს არ ამბობს. ამის დასტურად ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა მოიყვანა თბილისის უარი, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწეროს. „თბილისი არ აღიარებს ოსების გენოციდს, არ აღიარებს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და განაგრძობს საზღვარზე პროვოკაციულ ქმედებებს" - განაცხადა ბიბილოვმა.

მისი თქმით, ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი საქართველოსთვის არის „სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის არსებობა".

ბიბილოვმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისი ე.წ. სამხრეთ ოსეთში სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანების ერთმანეთთან დაპირისპირებას ცდილობს. ამისთვის საქართველოში სპეციალური სტრუქტურა არსებობს, რომელსაც დიმიტრი სანაკოევი ხელმძღვანელობს.

ანატოლი ბიბილოვმა მადლობა გადაუხადა ე.წ. დაზვერვის სამსახურს და იმედი გამოთქვა, რომ ის “მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოდან მომდინარე საფრთხეების მინიმიზაცია მოახდინოს“.

ასევე წაიკითხეთ:

☎️ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლო ზაზა გახელაძეს განაჩენს 5 თებერვალს გამოუტანს

☎️ ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო წვრთნები გაიმართა