მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში არსებული არასტაბილური მდგომარეობა სამხრეთ ოსეთს საფრთხეს უქმნის - ე.წ. უშიშროების კომიტეტის უფროსი

ე.წ. სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეები

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „უშიშროების კომიტეტის“ ხელმძღვანელი ოლეგ შირანი აცხადებს, რომ საქართველოში არსებული არასტაბილური მდგომარეობა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

მისივე განცხადებით, საქართველოსთან „საზღვარზე“ ძალზე რთული სიტუაციაა შექმნილი. განსაკუთრებით ეს სოფელ წნელისთან არსებულ მდგომარეობას ეხება.

„წნელისის კრიზისი ერთ-ერთია ქართული მხარის მიერ მოწყობილი პროვოკაციების ჯაჭვში. ის საზღვარზე სიტუაციის გამწვავებისთვის იქმნება და მისი მიზანი სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის არაღიარებაა“ - განაცხადა შირანმა.

მისი თქმით, მსოფლიოში და სამხრეთ კავკასიაში ბოლო დროს ძალზე რთული სიტუაცია შეიქმნა. „ჩვენ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში დესტრუქციულ პროცესებს ვადევნებთ თვალყურს. მოვლენები უკრაინაში, ბელარუსში ფერადი რევოლუციის მცდელობა, საქართველოში არსებული არასტაბილური სიტუაცია. მდგომარეობას კორონავირუსის პანდემია ართულებს და მისი შენელება ჯერჯერობით არ შეინიშნება“ - განაცხადა შირანმა.

ე.წ. უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ რეგიონის მოსახლეობა შეიძლება მშვიდად იყოს, რადგანაც „მისი უსაფრთხოება ნამდვილი პროფესიონალების ხელშია“.