მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში ნატოს წვრთნების ჩატარება რეგიონულ სტაბილურობას ემუქრება - ცხინვალი

ცხინვალი სამხედრო წვრთნებზე

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებს Agile Spirit – 2021 რეგიონული სტაბილურობისთვის საფრთხეს უწოდებს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

ცხინვალში აცხადებენ, რომ საქართველო რეგიონულ სტაბილურობას საფრთხეს მიზანმიმართულად უქმნის.

„საქართველოში 26 ივლისიდან 6 აგვისტომდე მრავალეროვნული წვრთნები Agile Spirit – 2021 ტარდება. მასში 1500 ქართველი და 700 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. საქართველოს ტერიტორიაზე თანამედროვე ტექნიკა და შეიარაღება ჩამოიტანეს. სამხედრო მანევრების მიზანია ალიანსის და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ოპერატიული თავსებადობის ამაღლება და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარება.

სინამდვილეში კი აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე ნატოს ეს ინტრიგები რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას უწყობს ხელს და დიდ შეშფოთებას იწვევს. ნატო საქართველოს ტერიტორიაზე ანტირუსული სამხედრო პლაცდარმის შექმნას ცდილობს. საქართველო კი ამით რევანშისტულ გეგმებს ამუშავებს და სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიმართ თავის უკანონო მისწრაფებების განხორციელებას აპირებს“ - აცხადებენ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ე.წ. უწყებაში ასევე ამბობენ, რომ საქართველოს შეუძლია კვლავ გახდეს სახიფათო სამხედრო ავანტიურის ინსპირატორი, რაც მთელი სამხრეთ კავკასიის მშვიდობას საფრთხეს უქმნის.