მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სანთელს დავანთებ ჩემი შვილისთვის და მორჩა“ - ზაზა გახელაძის ოჯახმა საპროტესტო აქციაზე უარი თქვა

ზაზა გახელაძის მამა

ზაზა გახელაძის მამის მიხეილ გახელაძის განცხადებით, ოჯახი საპროტესტო აქციის გამართვასა და ავტობანის გადაკეტვაზე უარს ამბობს.

მისი თქმით, პოზიცია პატრიარქის თხოვნის გამო შეიცვალა.

„სამთავისის ტაძარში სანთელს დავანთებ ჩემი შვილისთვის, ვილოცებ და მორჩა, დამთავრდება. ვცემ პატრიარქის თხოვნას პატივს და აღარანაირი გზის გადაკეტვა არ იქნება.

ხელისუფლებას ვაძლევთ ძალიან მოკლე შანსს, რადგან ტყუილი დაპირებებით კიდევ ერთი და ორი წელი არ ველოდოთ ჩემს შვილს. იცით, რომ ამდენი ნერვიულობით მივედით იქამდე, რომ მეუღლე კინაღამ დამეღუპა“, - აღნიშნა მიხეილ გახელაძემ.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ქვემო ჭალაში უკანონო პატიმრის ზაზა გახელაძის მხარდასაჭერი აქცია-მსვლელობა გაიმართა, რომელიც სოფელ იგოეთთან უნდა დასრულებულიყო, თუმცა ოჯახის გადაწყვეტილებით შეწყდა.

ასევე ცნობილია, რომ ზაზა გახელაძის მამა ოკუპირებულ ცხინვალში აღარ გადავა.

33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს.

დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. 5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.