მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოხუმი: საქართველო სამხედრო დრონების გამოყენებას ჩვენს წინააღმდეგ გეგმავს

სოხუმის შეშფოთება დრონების გამო

სოხუმში შეშფოთებულები არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, რომელიც სადაზვერვო და მოიერიშე დრონების პარტიის შეძენას გეგმავს. გარდა ამისა, დე ფაქტო მთავრობა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ისრაელი საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის სრულ მოდერნიზაციას ჩაატარებს. ინფორმაციას apsadgil.info ავრცელებს. 

„საქართველოს ხელისუფლება უკვე მერამდენედ სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობით ხსნის. თუმცა საბრძოლო დრონების შეძენის ახსნა მხოლოდ თავდაცვის უზრუნველყოფით საკმაოდ რთულია. აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დროს უპილოტო საფრენი აპარატები აქტიურად გამოიყენებოდა, რისი დახმარებითაც აზერბაიჯანულმა მხარემ შეტევითი ოპერაციები განახორციელა. საქართველოს მიერ მსგავსი ტიპის თანამედროვე შეიარაღება მოუგვარებელი კონფლიქტების გადასაჭრელად შეიძლება იყოს გამოყენებული“ - აცხადებენ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სოხუმი აშშ-გან, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, საქართველოს მიერ სამხედრო პოტენციალის გაძლიერების საკითხზე განმარტებებს ითხოვს, რათა ვაშინგტონმა რეგიონში ამ შეტევითი იარაღის გამოყენების შესაძლებლობების შესახებ საკუთარი არგუმენტები წარმოადგინოს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ახალი სამთავრობო პროგრამის თავდაცვის ნაწილი წარადგინა, რომელმაც თავდაცვის სისტემა და ქვეყნის უსაფრთხოება უნდა განამტკიცოს.

ღარიბაშვილის თქმით, 2021 წელს საქართველო ოპერატიულ და ტაქტიკურ უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო დრონებს შეიძენს. იგეგმება ასევე სამანევრო და საარტილერიო ქვედანაყოფების აღჭურვა თანამედროვე სადაზვერვო საფრენი აპარატებით და რადიოელექტრონული სადაზვერვო სათვალთვალო საშუალებების განვითარება.

🔱 ღარიბაშვილი: 2021 წელს ტაქტიკურ უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო „დრონებს“ შევიძენთ

🔱 უპილოტო საფრენი აპარატი Bayraktar TB2 - აზერბაიჯანის არმიის მთავარი დამრტყმელი ძალა