მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოხუმის დე ფაქტო ლიდერის უწყება: კვირაიასთვის ქართულ მხარესთან მოლაპარაკების დავალება არავის მიუცია

ბჟანიას უწყების განცხადება

სოხუმის დე ფაქტო ლიდერის უწყება უარყოფს ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ასლან ბჟანიას მრჩეველი ბენურ კვირაია საქართველოში მოლაპარაკების საწარმოებლად მიავლინეს. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება. 

„მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს პრეზიდენტის მრჩეველი ბენურ კვირაია 25 თებერვალს საქართველოში მოლაპარაკების საწარმოებლად გაემგზავრა, ვაცხადებთ, რომ მოქალაქე კვირაიამ 2021 წლის 19 თებერვალს აფხაზეთის პრეზიდენტის თანაშემწის თანამდებობა დატოვა და საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკების წარმოება მისთვის არავის დაუვალებია“ - განაცხადეს დე ფაქტო უწყებაში.

სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელზეც სოხუმის დე ფაქტო ლიდერის ასლან ბჟანიას თანაშემწე, ბენურ კვირაიაა გადაღებული. ვიდეო რესტორანშია გადაღებული. კვირაია საკუთარი ქართველი მეგობრის, დავით კვარაცხელიას სადღეგრძელოს ამბობს და ქართველებთან ძმობის დაბრუნების აუცილებლობაზე საუბრობს.

„მე მინდა ჩემი მეგობრის დავით კვარაცხელიას სადღეგრძელო შევსვა. ის ახლა ბულგარეთში ცხოვრობს. ომი უნდა დასრულდეს. ის კარგ შედეგებამდე ვერ მიგვიყვანს. ომის ველი უნდა გათავისუფლდეს. უნდა ვიაროთ წმინდა ადგილებში და იქ მშვიდობისთვის ვილოცოთ. ჩვენ ასწლეულობით ერთად ვცხოვრობდით, ისინი არიან ჩვენი მეზობლები, ნათესავები, მეგობრები. უნდა მოიძებნოს პრობლემის გადაჭრის გზები. უნდა დავუბრუნდეთ ძმობას" - ამბობს კვირაია.

უცნობია ვიდეო გადაღების ზუსტი დრო და ადგილი. აფხაზ ვეტერანთა ორგანიზაციის „არუაა“ ინფორმაციით, ბენურ კვირაია საქართველოში იმყოფებოდა და „პირდაპირი ეკონომიკური და სავაჭრო კონტაქტების საკითხს“ განიხილავდა.

ვიდეოს გავრცელების შემდეგ სოხუმის ცენტრში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც 200-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.