მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოხუმის დე ფაქტო მთავრობა რუსეთისთვის „იაპონჩიკის“ მკვლელის გადაცემაზე უარს აცხადებს

აფხაზეთის ე.წ. პროკურატურა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურა რუსეთისთვის „კანონიერი ქურდის“ ვიაჩესლავ ივანკოვის, მეტსახელად „იაპონჩიკის“ მკვლელის გადაცემაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ www.interfax.ru იუწყება. 

ე.წ. პროკურატურა ასტამურ ბუტბას და ნუგზარ პაპავას დაკავებას და რუსეთისთვის გადაცემას არ აპირებს, ვინაიდან „აფხაზეთის კანონმდებლობა სხვა ქვეყნისთვის საკუთარი მოქალაქეების გადაცემას არ ითვალისწინებს“.

სოხუმის პროკურატურის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ის „იაპონჩიკის“ მკვლელობის საქმეზე „ყველა აუცილებელ სამართლებრივ ღონისძიებას განახორციელებს“.

სოხუმი ასევე აცხადებს, რომ ამ პირთა სამართლებრივი დევნა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ რუსეთის ფედერაციის შესაბამისი ორგანოებიდან საქმის მასალებს წარმოადგენენ.

ცნობისთვის, 19 იანვარს მოსკოვის სასამართლომ ასტამურ ბუტბას და ნუგზარ პაპავას დაკავების ორდერი გასცა. ისინი „კანონიერი ქურდის“, ვაიჩესლავ ივანკოვის, მეტსახელად „იაპონჩიკის“ მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილები.

„იაპონჩიკის“ მკვლელობა 2009 წელს მოხდა. ბუტბამ „იაპონჩიკს“ სნაიპერის შაშხანიდან ესროლა, როდესაც ის რესტორან „ტაივანის სპილოდან“ გამოდიოდა. პაპავა ასევე მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა. ის კილერს იცავდა და ავტომატით იყო შეიარაღებული.

ბუტბა და პაპავა ამჟამად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან. მკვლელობის ყველა სხვა მონაწილე, რომლებიც იარაღის გადატანით, ასევე მკვლელობის ორგანიზებით იყვნენ დაკავებულები, დაპატიმრებულები არიან.

ასევე წაიკითხეთ:

👿 მოსკოვის სასამართლო: აფხაზეთში „იაპონჩიკის“ ორი მკვლელი იმალება

👿 რუსმა სამხედროებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში წვრთნები გამართეს