მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომხური მედია: ფაშინიანი და ალიევი მზად არიან ერთმანეთს შეხვდნენ

ფაშინიანი და ალიევი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, მზად არიან, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მიზნით, ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრა სავარაუდოდ მოსკოვში გაიმართება. ამის შესახებ „არმენპრესი“ წერს.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხი მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს. სამწუხაროდ, აზერბაიჯანი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. თუმცა, მე მზად ვარ, შედეგის მისაღწევად ყველა ღონეს მივმართო. ყველას უნდა გვესმოდეს, გამოსავალი კომპრომისშია“,- აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

ამასთან, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო მზად არის, სომხურ მხარეს, მთიანი ყარაბაღის თემაზე, მოსკოვში ან ნებისმიერ სხვა ადგილას შეხვდეს.

„ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, შევხვდეთ მოსკოვში, ყველა სხვა ქალაქში, რათა დავამთავროთ დაპირისპირება და ვიპოვოთ კონფლიქტის გადაჭრის გზები“,- აცხადებს ალიევი.

ცნობისთვის, ბაქო და ერევანი 18 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა მალევე ორივე მხარემ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მოწინააღმდეგემ შეთანხმება დაარღვია.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.