მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სუს-ი: ნარატივი, რომ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან უკანონო დაკავებები გახშირდა, მცდარია

Search Results Web result with site links  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ნარატივი იმის შესახებ, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტები ბოლო წლებში გახშირდა, მცდარია. 

სუს-ში გამართულ ბრიფინგზე უწყების საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა გიორგი საბედაშვილმა აღნიშნა, რომ ოკუპანტების მიერ უკანონო დაკავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის გავრცელება ხდება მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ასევე აღინიშნა, რომ სახელმწიფო უფლებას იტოვებს განსაზღვროს ფაქტის გახმაურების შესაბამისი დრო.

„ნარატივი გახშირებული უკანონო დაკავებების შესახებ მცდარია. თავისთავად, მცდარია აღნიშნული ნარატივის დაკავშირება სახელმწიფოს მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით გატარებულ როგორც ზოგად, ისე უსაფრთხოების პოლიტიკასთან“, - განაცხადა გიორგი საბედაშვილმა.

უწყების ცნობით, უკანონო დაკავებები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ფიქსირდება. 2008 წლის შემდეგ, ყოველწლიურად, საოკუპაციო ძალა აკავებს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს, აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული ერთი წელიც არ ყოფილა მრავალრიცხოვანი უკანონო დაკავებების გარეშე.

მაგალითად, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით 2009 წელს დააკავეს 80-მდე პირი, 2010 წელს უკანონოდ დააკავეს ასევე 80-მდე ადამიანი, 2011 წელს აღნიშნულმა მიაღწია 140-ს, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი უკანონო დაკავებების სტატისტიკაში, 2012 წელს 110-მდე პირი იქნა უკანონოდ დაკავებული.

2019 და 2020 წლებში უკანონოდ დაკავებულთა რაოდენობამ 86 და 64 შეადგინა.

„საოკუპაციო ძალა უკანონო დაკავებებს ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმის დამყარების დღიდან და მისი გამომწვევი მიზეზი არის არა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გატარებული უცვლელი პოლიტიკა, არამედ უშუალოდ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შედეგად დამდგარი ოკუპაცია.

შესაბამისად, ნარატივი გახშირებული უკანონო დაკავებების შესახებ მცდარია. თავისთავად, მცდარია ე.წ. გახშირებული უკანონო დაკავებების დაკავშირება სახელმწიფოს მიერ ოკუპაციის მიმართულებით წარმოებულ, როგორც ზოგად, ისე უსაფრთხოების პოლიტიკასთან“, - აღნიშნა გიორგი საბედაშვილმა.