მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სომხეთში გამოკითხულთა 43,8% მხარს უჭერს

სოციოლოგიური კვლევა სომხეთში

"GALLUP International Association"-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, სომხეთში რესპონდენტთა 43,8% მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ. ამის შესახებ Armenpress იუწყება.

როგორც პრესკონფერენციაზე "GALLUP International Association"-ის წარმომადგენელმა არამ ნავასარდიანმა განაცხადა, დოკუმენტის ხელმოწერის მიზეზებზე რესპონდენტთა აზრი ასე განაწილდა: 65,6%-ს მიაჩნია, რომ ეს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის გაკეთდა, 19,3% აცხადებს, რომ ეს პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მხრიდან ღალატია, 15,9%-ის აზრით ეს სომხეთის დიპლომატიური მარცხია, 10,9%-ის აზრით ეს მთიანი ყარაბაღის და სომხეთის ჯარის მარცხია, ხოლო 2,4%-ს მიაჩნია, რომ ამ მდგომარეობამდე წინა ხელისუფლების მიერ დაშვებულმა შეცდომებმა მიიყვანა.

სოციოლოგიური კვლევა 13 ნოემბერს ჩატარდა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შესახებ. შეთანხმების მიხედვით, სომხური მხარე რამდენიმე რაიონს აზერბაიჯანს გადასცემს, მხარეები ტყვეთა და დაღუპულთა გაცვლას განახორციელებენ, ხოლო რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალები განთავსდებიან.