მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცხინვალის ე.წ. პროკურატურამ აცამაზ ჯაბიევი ძებნილთა სიაში შეიყვანა

პროკურატურამ აწამაზ ჯაბიევი ძებნილთა სიაში შეიყვანა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პროკურატურამ სამართალდამცველების მიერ მოკლული ინალ ჯაბიევის ძმა, აცამაზ ჯაბიევი დე ფაქტო მთავრობის „ოფიციალური პირების“ შეურაცხყოფის გამო ძებნილთა სიაში შეიყვანა. ინფორმაციას ekhokavkaza ავრცელებს.

ე.წ. პროკურატურის წარმომადგენლის ალან ბესტაევის თქმით, ცხინვალის მკვიდრმა ჯაბიევმა 11 ნოემბერს „ხელისუფლება“ უხამსი ფრაზებით მოიხსენია.

მისივე თქმით, ჯაბიევი სამართალდამცველებს გაექცათ და ძებნაშია.

„რესპუბლიკის“ მოქალაქის, აცამაზ ჯაბიევის წინააღმდეგ დაიწყო შემოწმება ხელისუფლების შეურაცხყოფის ფაქტზე. 11 ნოემბერს, ცხინვალის „პროკურატურის შენობაში“, აცამაზ ჯაბიევმა შეურაცხყოფა მიაყენა ხელისუფლებას უხამსი ფრაზებით. 4 დეკემბერს „დედაქალაქის“ თეატრის მოედანზე, ჯაბიევმა საჯაროდ შეურაცხყო ხელისუფლება ”, - განუცხადა ჟურნალისტებს ალან ბესტაევმა.

აღსანიშნავია, რომ აცამაზ ჯაბიევი მოკლული ინალ ჯაბიევის ტყუპი ძმაა.

ინფორმაციისთვის, 30 წლის ინალ ჯაბიევი სამართალდამცველებმა დე-ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ ნანიევზე თავდასხმის ბრალდებით 24 აგვისტოს დააკავეს. 28 აგვისტოს კი ჯაბიევი უგონო მდგომარეობაში, სხეულზე მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

მომხდარის გამო, მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და მთავრობის გადადგომა მოითხოვა, რის შემდეგაც, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ერიკ პუხაევმა თანამდებობა დატოვა.