მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების ძალებმა საპროტესტო აქცია დაშალეს

აქცია ცხინვალში

ოკუპირებულ ცხინვალში მეშვიდე დღეა მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახი საპროტესტო აქციებს მართავს. 

sputnik ossetia-ს ინფორმაციით, ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების ძალებმა ჯაბიევის ოჯახის მიერ ორგანიზებული აქცია დაშალა.

როგორც ჯაბიევის ოჯახის ახლობელი აცხადებს, მომიტინგეები არ აპირებენ საპროტესტო ტალღის შეწყვეტას.

„მომიტინგეები ჯერჯერობით არ აპირებენ აქციის შეწყვეტას. ისინი ხელისუფლებისგან პასუხს ელიან“, - აცხადებს ჯაბიევის ოჯახის მხარდამჭერი.

თავის მხრივ, განცხადება გააკეთა „სამხრეთ ოსეთის“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. პრესსამსახურმა.

მისივე განცხადებით „დედაქალაქში“ სიმშვიდეა და სამართალდამცველები ყველაფერს აკეთებენ სიმშვიდის უზრუნველსაყოფად.

აღსანიშნავია, რომ დე ფაქტო ხელისუფლება ინალ ჯაბიევის ძმას, აცამაზ ჯაბიევს ეძებს.

ინფორმაციისთვის, 30 წლის ინალ ჯაბიევი სამართალდამცველებმა დე-ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ ნანიევზე თავდასხმის ბრალდებით 24 აგვისტოს დააკავეს. 28 აგვისტოს კი ჯაბიევი უგონო მდგომარეობაში, სხეულზე მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

მომხდარის გამო, მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და მთავრობის გადადგომა მოითხოვა, რის შემდეგაც, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ერიკ პუხაევმა თანამდებობა დატოვა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ცხინვალის ე.წ. პროკურატურამ აცამაზ ჯაბიევი ძებნილთა სიაში შეიყვანა