მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ზელენსკი ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლის იმიჯის მორგებას ცდილობს“ - სოხუმი

ზელენსკიზე სოხუმის განცხადება

სოხუმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის მიერ ენგურის ხიდზე მისვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ზელენსკი ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლის იმიჯის მორგებას ცდილობს. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

„რთულია ზელენსკის გუნდის ამ ინიციატივაში რაიმე ლოგიკის და საღი აზრის მოძიება. უკრაინის ლიდერს სურს თავის ამომრჩეველს ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლის გამოგონილი იმიჯი აჩვენოს. ან, შესაძლოა, ზელენსკი სერიოზულად ცდილობს უსაფრთხოების სფეროში სიტუაციის მოგვარების საკუთარი გამოცდილება საქართველოს ხელისუფლებას გაუზიაროს?“ - აცხადებენ ე.წ. საგარეო უწყებაში.

„აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალები ორმხრივი აფხაზურ-რუსული შეთანხმების საფუძველზე იმყოფებიან. ეს არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და არ ეხება საქართველოს, მით უმეტეს უკრაინის ტერიტორიას. რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ, ეს გამოცანად რჩება. ზელენსკის აშკარა პროვოკაციული პოლიტიკა დონბასთან დაკავშირებით, რაც თვალნათლივ გამოჩნდა ა.წ. გაზაფხულზე, როდესაც კიევმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების პროვოცირება სცადა, აჩვენა კონფლიქტის მოგვარების რა მიდგომას იყენებს კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით ზელენსკის გუნდი. მსგავსი მცდელობები აფხაზეთთან დაკავშირებით მიუღებელია და მკაცრად იქნება აღკვეთილი“, - აცხადებენ სოხუმში.

ცნობისთვის, 19 ივლისს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი საოკუპაციო ხაზთან, ე.წ. აფხაზეთ-საქართველოს საზღვართან მივიდა. ის ენგურის ხიდზე იმყოფებოდა. უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკიმ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდასთან და ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინა და საქართველო დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების სულისკვეთებაში ერთიანები არიან და ამისთვის მსოფლიო და რეგიონული ორგანიზაციების მოედნებს გამოიყენებენ.