მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დავით ზალკანიანი: მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს

ღირსეული პარტნიორი

საქართველოში "ღირსეული პარტნიორობა 2020" დაიწყო. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადი გააკეთა.

"განსაკუთრებული სიხარულითა და სიამაყით მივესალმები საქართველოში მრავალეროვნული წვრთნების „ღირსეული პარტნიორი 2020“ დაწყებას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა უკვე მეხუთედ მასპინძლობს. წლევანდელი წვრთნების მთავარი მიზანი საქართველოს, აშშ-ს და ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის ამაღლება და შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაა.

მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, აშშ-სა და ნატო-ს სტანდარტებთან ჩვენი თავსებადობის შემდგომი გაზრდის, თავდაცვის ძალებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მივესალმებით სწავლებაში ნატო-ს წევრი ქვეყნების - გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და პოლონეთის სამხედროების მონაწილეობას.გლობალური პანდემიის მიუხედავად, წელს ამ წვრთნების ჩატარება უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ისა და ნატო-ს მხარდაჭერას ჩვენი პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

აშშ-სთან და ნატო-სთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოს მრავალი წლის განმავლობაში ღირსეული წვლილი შეაქვს გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში. ჩვენი ქვეყანა საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრინციპებისა და ვალდებულებების ერთგულია და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად კვლავაც აქტიურ როლს შეასრულებს რეგიონული და საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

არსებული გამოწვევებისა და ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე, წლევანდელი სწავლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის. მჯერა, რომ სწორედ თანამედროვე, ნატო-სთან თავსებადი თავდაცვის ძალები, და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გვაახლოვებს ალიანსის წევრობასთან და უზრუნველყოფს უსაფრთხოების განმტკიცებას საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში. - განაცხადა დავით ზალკანიანმა