მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ღარიბაშვილი: ჯარში სამსახური კიდევ უფრო პრესტიჟული გახდა

თავდაცვის მინისტრი

„თავდაცვის უწყებაში გატარებული ღონისძიებების შედეგად, თავდაცვის ძალებში გადინების მაჩვენებელი, პრაქტიკულად, ნულის ტოლია და ჩვენს ჯარში სამსახური კიდევ უფრო პრესტიჟული გახდა“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკური გაერთიანების - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა სამხედროების დაფასებისა და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ და დაგეგმილ პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, სამხედრო მოსამსახურეების ხელფასები წოდების მიხედვით 100-დან 500 ლარამდე გაიზარდა.

მინისტრმა ჯარისკაცებისთვის კვებითი, სამედიცინო, საბინაო პირობებისა და განათლების ხელმისაწვდომობის ხარისხის გაუმჯობესებაზეც ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერაზე გაამახვილა.

„ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი დაუმარცხებელ, დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებზე და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვა. გავუზარდეთ მათ დაფინანსება. ასევე, ამერიკის დახმარებით, ჩვენი დაჭრილი სამხედროებისთვის აშენდა რეგიონში უპრეცედენტო სარეაბილიტაციო ცენტრი წეროვანში. გაძლიერდა დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებზე ზრუნვა, საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედროების ოჯახების ერთჯერადი კომპენსაციის სახით იღებენ ასი ათას ლარს. ასევე, 90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს ყოველთვიურად ერიცხებათ 1000 (ათასი) ლარი“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა 5000-მდე მოქმედი, ყოფილი სამხედროსა და სხვა კატეგორიის მოქალაქეებისათვის ბინების დაკანონების შესახებაც ისაუბრა. მისი თმქით, 2000-ზე მეტი საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურის წინაშე აღებული ბინით უზრუნველყოფის ვალდებულება წლის ბოლომდე შესრულდება.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ბოლო 8 წელში, სავალდებულო სამხედრო სამსახური გარდაიქმნა და თვისობრივად გაუმჯობესდა, ისევე როგორც რეზერვისა და მობილიზაციის სისტემა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ 2021 წელს ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება რეკრუტირების ცენტრების მშენებლობა, რომელიც საზოგადოებას ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება.