მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის

თავდაცვის სამინისტროს შენობა

21 მარტიდან კორონავირუსის შესაძლო გავრცელების მაქსიმალური პრევენციის მიზნით საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის.

ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშილის განცხადებაშია აღნიშნული.

"ჩემი, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრის უპირველესი პრიორიტეტი ჩვენი ჯარისკაცების და მათი ოჯახის წევრების დაცვაა. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება და 21 მარტიდან კორონავირუსის შესაძლო გავრცელების მაქსიმალური პრევენციის მიზნით საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადის. ყაზარმული მდგომარეობის დროს იზღუდება ჯარისკაცების მიერ სამხედრო ბაზის ტერიტორიის დატოვება. ეს პრევენციული ზომები მნიშვნელოვნად შეამცირებს ბაზაზე ვირუსის გავრცელების ალბათობას. ბაზებზე სამხედროები უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველანაირი საჭიროებით.  აღნიშნულ მდგომარეობაზე გადასვლა მიზნად ისახავს სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახის წევრების დაცვას", - აცხადებს მინისტრი.

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, თავდაცვის სამინისტრომ პირველივე დღეებიდან აქტიურად დაიწყო შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

12 მარტს გამოცემული ჩემი ბრძანების მიხედვით, თავდაცვის უწყების თანამშრომლების გარკვეული ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული. ამავე ბრძანების მიხედვით სამსახურში გამოცხადება აეკრძალა გარკვეულ პირთა კატეგორიას.

საქართველოში დაბრუნებიდან ორი კვირის განმავლობაში სამსახურში არ უნდა გამოცხადდეს თავდაცვის უწყების თანამშრომელი, იმ შემთხვევაში თუ: თავად ან მისი ოჯახის წევრები ამ ბრძანების გამოცემამდე ბოლო ორი კვირის მანძილზე იმყოფებოდნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მასთან კონტაქტი ჰქონდა უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ პირს, პირდაპირი ან ირიბი კონტაქტი ჰქონდა, როგორც პირადად, ასევე ოჯახის წევრის მეშვეობით იმ პირთან, რომელიც იმყოფება თვითიზოლაციაში ან კარანტინში ან დაუდასტურდა კორონავირუსი.

ასევე შემდგომ განკარგულებამდე სამსახურში გამოცხადება ეკრძალება: გრიპისმაგვარი დაავადების ან მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმპტომების მქონე პირს, ორსულ ქალს, ქრონიკული დაავადების მქონე/სხვადასხვა სახის იმუნოდეფიციტის მქონე პირს.

აღნიშნული თანამშრომლები ვალდებულნი არიან მიმართონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას და ინფორმაცია მიაწოდონ უშუალო ხელმძღვანელს.