მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მე-13 ბატალიონმა უფლებამოსილება ოფიციალურად გადაიბარა

მე-13 ბატალიონმა უფლებამოსილება ოფიციალურად გადაიბარა

საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონმა „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისია მე-12 ბატალიონისგან ოფიციალურად გადაიბარა და კოალიციურ ძალებთან ერთად საერთაშორისო ოპერაციის შესრულება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქართველი მშვიდობისმყოფელები ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვის ამოცანებს 7 თვის განმავლობაში შეასრულებენ.

„უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა. ბაზის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ჯეიმს ელდრიჯმა მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების მიერ მისიის წარმატებით შესრულებას გაუსვა ხაზი და დაკისრებული ამოცანების მაღალ დონეზე განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა. ბაგრამის ბაზის ხელმძღვანელმა და კოალიციური ძალების მაღალჩინოსნებმა ქართველი სამხედროები სამშვიდობო მისიის მედლებით და სხვადასხვა სიმბოლური საჩუქრებითაც დაჯილდოეს.ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას დეკემბრის თვიდან აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა. ქვედანაყოფმა სამშვიდობო მისია წარმატებით დაასრულა და უახლოეს მომავალში სამშობლოში დაბრუნდება“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.