მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსულის ახალი გაკვეთილები" უკრაინისა და საქართველოსთვის

რუსი სამხედროები ყირიმში

რუსეთი მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში სამხედრო წვრთნებს - „კავკაზ 2020“ ანექსირებული ყირიმის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარებს. ოფიციალური კიევი შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ აღნიშნული მოქმედებები სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე რუსული ჯარების დიდი რაოდენობით მობილიზებას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

წვრთნები სამხრეთის სამხედრო ოლქის ყველა საჯარისო ქვედანაყოფის საბრძოლო მზადყოფნის ტესტირების მიზანს ემსახურება. მისი არეალი ანექსირებულ ყირიმსა და დანარჩენ უკრაინას შორის ტერიტორიებს მოიცავს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ანექსირებულ ტერიტორიებზე უკვე მობილიზებულია 85 000 რუსი სამხედრო, 1 100 ტანკი, 2 600 ერთეული ჯავშანტექნიკა, 300 თვითმფრინავი და 230 ვერტმფრენი. 

უკრაინელი ექსპერტები და სამხედროები შიშობენ, რომ წვრთნებისთვის მომზადების საბაბით, რუსებს შეუძლიათ ჯარების მობილიზება ე.წ. საზღვრის მახლობლად, შემდეგ კი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შეტევას დაიწყებენ.

როგორც PIA.GE-ს სამხედრო საკითხებში ექსპერტმა ზურა ბატიაშვილმა განუცხადა, საჭიროა საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინასთან კოორდინირებულად იმუშაოს, რათა ქვეყანა შესაძლო საფრთხეების შესახებ დროულად იყოს ინფორმირებული.

„რუსეთი საკუთარი საზღვრების მახლობლად სამხედრო წვრთნებს მუდმივად ახორცილებს, განსაკუთრებით სამხრეთით და აღმოსავლეთით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვფიქრობ, აუცილებელია ძალიან ფრხთილად და კოორდინირებულად იყოს მუშაობა უკრაინასთან და სხვა მეგობრებთან, შეერთებულ შტატებთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, რათა მოხდეს სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა და გავიგოთ, რეალურად რა განზრახვა აქვს რუსეთს. ნამდვილად მოსალოდნელია, რომ რუსეთმა წვრთნების საბაბით მობილიზებული ძალით, რეალურად დაიწყოს სამხედრო შეტევა“, - აღნიშნა ექსპერტმა.

მისი თქმით, შავი ზღვის ფლოტის მოქმედებები შეიძლება მიმართული იყოს რეგიონში ნატო-ს გემების წინააღმდეგ და ასევე იქცეს სიგნალად თურქეთის მიმართ, რომელთანაც რუსეთს დაპირისპირება რამდენიმე წერტილში აქვს.

ცნობისთვის, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმამდე ჩრდილოეთ კავკასიაში მასშტაბური სამხედრო წვრთნები ჩაატარეს. ასევე, 2014 წელს უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიამდე და დონეცკსა და ლუგანსკში სეპარატისტების მხარდაჭერამდე, რუსეთის სამხრეთით ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლებები გაიმართა.