მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამხედროებზე ორიენტირებულ მორიგი სოციალურ პროექტი

თავდაცვის სამინისტრო სამხედროებზე ორიენტირებულ მორიგ სოციალურ პროექტს იწყებს

თავდაცვის სამინისტრო სამხედროებზე ორიენტირებულ სოციალურ პროექტს იწყებს, რომელიც სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობას ითვალისწინებს. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო PIA.GE -ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სამხედროებს და მათი ოჯახის წევრებს სამინისტრო სახელმწიფოს მიერ დადგენილი სწავლის მინიმალური საფასურის-2250 ლარის ნახევარს დაფარავს. ამასთან, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მათ სემესტრულად 750 ლარის ოდენობით „მინისტრის სტიპენდია“ დაენიშნებათ.

ღარიბაშვილმა პროექტის წარდგენისას ისაუბრა მის მნიშვნელობასა და თავდაცვის სამინისტროს სოციალურ პოლიტიკაზე, რომელიც ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების ზრუნვაზეა ორიენტირებული. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა. ღონისძიებას დაესწრნენ პროექტში ჩართული ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი პირები, რომლებმაც პროექტში მონაწილეობისთვის მზაობა ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერით დაადასტურეს.

ურთიერთგაგების მემორანდუმი უმაღლეს სასწავლებლებში სამინისტროს ხელმძღვანელების მიერ საჯარო ლექციებს, სამხედრო ქვედანაყოფებში ექსკურსიებს, შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტებსა და სამხედრო თემატიკის შესახებ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებას ითვალისწინებს.

ახალი ინიციატივა ახალგაზრდების სამხედრო საქმით დაინტერესების, სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებული მეცნიერების განვითარებისა და ქართული ჯარის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების გზით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.