მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფებმა ნატოს სერტიფიცირების პროგრამის მე-2 დონის შეფასება გაიარეს

აბორდაჟის ჯგუფებმა ნატოს სერტიფიცირების მეორე დონის შეფასების პირველი საფეხური [SEL-2] გაიარეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო
დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფებმა ნატოს სერტიფიცირების მეორე დონის
შეფასების პირველი საფეხური [SEL-2] გაიარეს. შეფასების პროცესი დიდი
ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების
ხომალდ HMS DRAGON-ის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამი ნისტრო ავრცელებს.

შსს-ს ინფორმაციით, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის 2 ჯგუფი ნატოს ოპერაციული
კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამაში (OCC E&F) 2017 წელს
ჩაერთო. ჯგუფების სერტიფიცირების პროცესი ორ დონესა და ოთხ საფეხურს [SEL1,
NEL1, SEL2, NEL2] მოიცავს და მიზნად ისახავს ურთიერთთავსებადობის დონის
ამაღლებას ნატოს საზღვაო ძალებთან. შეფასების პროცესის დასრულება
დაგეგმილია 2021 წელს, რის შემდეგაც საქართველოს სანაპირო დაცვას ეყოლება
ნატოს საზღვაო ოპერაციებში მონაწილეობისათვის მომზადებული, აღჭურვილი და
სერტიფიცირებული სააბორდაჟო დანაყოფები. 2019 წლიდან აღნიშნულ პროცესში
სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებები, აილენდის კლასის სადარაჯო
ხომალდები "დიოსკურია" და "ოჩამჩირეც" ჩართნენ.

შეფასების პროცესის პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს აბორდაჟის ჯგუფების
აღჭურვილობის მოდერნიზაციის პროცესი. განახლდა ტაქტიკური ქვედანაყოფების
წარმომადგენლების პირადი აღჭურვილობა. ჯგუფები აღმოჩენისა და კომუნიკაციის,
ასევე, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული​ საფრთხეების
აღმომჩენი სპეციალური საშუალებებით აღიჭურვნენ. განახლდა შეირაღებაც -
საბჭოთა წარმოების იარაღი ნატოს სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე
იარაღით შეიცვალა.

ინფორმაციისთვის, აბორდაჟის ჯგუფების აღჭურვის პროცესი აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და
საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) და თავდაცვის საფრთხეების
შემცირების სააგენტოს (DTRA) აქტიური მხარდაჭერით განხორციელდა.