მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თავდაცვის ძალების ყველა ნაწილი უახლესი სპორტული ინვენტარით აღიჭურვება

სამხედრო ბაზების სპორტული ინვენტარით აღჭურვა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვაზიანის მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში იმყოფებოდა, სადაც სამხედრო ბაზის უახლესი სპორტული ინვენტარითა და თანამედროვე სანტექნიკით აღჭურვის პროცესს პირადად გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, უწყების წარმომადგენლებმა ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ (იტალიური Technogym, FERRO, გერმანული DHZ FITNESS, ამერიკული MATRIX) წარმოებული მაღალი ხარისხის სავარჯიშო მოწყობილობები დაათვალიერეს. სპორტული ინვენტარი საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა ქვედანაყოფში დამონტაჟდება.

ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული ახლადგარემონტებული ყაზარმების სველი წერტილები დაათვალიერა, სადაც უკვე დამონტაჟებულია გერმანული კომპანიის GROHE-ს წარმოების თანამედროვე სანტექნიკა და სააბაზანო ინვენტარი. მსოფლიო ბრენდების უმაღლესი ხარისხის თანამედროვე სანტექნიკა და სააბაზანო ინვენტარი ყველა ბაზაზე მონტაჟდება.

თავდაცვის მინისტრის მიერ გაცხადებული ინფრასტრუქტურული განვითარების პოლიტიკა ნატო-ს წამყვანი ქვეყნების სტანდარტთან გათანაბრებას გულისხმობს. ამ მიზნით, თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში, ღია და დახურულ სივრცეებში არსებული მულტიფუნქციური სტადიონებისა და სავარჯიშო დარბაზების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებთან ერთად, სპორტული სივრცეები ახალი, უმაღლესი ხარისხის სავარჯიშო მოწყობილობებით აღიჭურვება.

წლის ბოლომდე 60 ლოკაციაზე ყველა მოქმედი ყაზარმისა და სასადილოს, დაახლოებით, 250-მდე ობიექტის სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

თავდაცვის მინისტრთან ერთად, ვაზიანის მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და აღმოსავლეთის სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე იმყოფებოდნენ.