მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თავდაცვის ძალების ოთხ ოფიცერს ბრიგადის გენერლის უმაღლესი სამხედრო წოდება მიენიჭა

თავდაცვის ძალების ოთხ ოფიცერს ბრიგადის გენერლის უმაღლესი სამხედრო წოდება მიენიჭა

საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებასა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თავდაცვის ძალების ოთხ სამხედრო მაღალჩინოსანს ბრიგადის გენერლის უმაღლესი სამხედრო წოდება მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

მათი თქმით, ოფიცრებისთვის უმაღლესი წოდების მინიჭება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებისა და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის თანახმად მოხდა.

მათივე ინფორმაციით, ბრიგადის გენერლის წოდება მიიღეს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, პოლკოვნიკმა კობა გრიგოლიამ, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, პოლკოვნიკმა როლანდ ძნელაძემ, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსმა, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ და სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა მამია ბალახაძემ.

ინფორმაციისთვის, უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო პირებს უმაღლესი სამხედრო წოდება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიანიჭა.

პრეზიდენტის განკარგულებას ხელმოწერით ადასტურებენ სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.