მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თავდაცვის სამინისტრო ავღანეთიდან ქართველი ჯარისკაცების გაყვანის შესახებ განცხადებას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტროს შენობა

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ნატო-მ ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო, ქართული სამხედრო ქვედანაყოფები ქვეყანას ალიანსთან შეთანხმებული გრაფიკით დატოვებენ.

ამავე ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრო აწარმოებს მჭიდრო კონსულტაციებს როგორც ნატო-სთან, ასევე აშშ-სთან.

„როგორც მოგეხსენებათ, ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში საქართველო 2004 წლიდანაა ჩართული და ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით უმსხვილესი კონტრიბუტორია.

ეს ფაქტი მკაფიოდ ცხადყოფს თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდამხარ გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას. მთელი ამ წლების განმავლობაში, მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვას ათასობით თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე ემსახურებოდა, რომელთაგან 32 დაიღუპა და არაერთი დაიჭრა.

1999 წლიდან მოყოლებული, ჩვენმა მშვიდობისმყოფელებმა, ნატო-ს, აშშ-ს და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში, არაერთხელ დაამტკიცეს მაღალი პროფესიონალიზმი, თავდადება და საერთო ღირებულებების დაცვისადმი ერთგულება. საერთაშორისო მისიებში აქტიური ჩართულობით, საქართველომ, გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში, ღირსეული და საიმედო პარტნიორის სახელი დაიმკვიდრა, რაც მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

თავდაცვის სამინისტრო უდიდეს მადლიერებას გამოხატავს თითოეული სამხედრო მოსამსახურის მიმართ ავღანეთის მისიებში გაწეული სამსახურისთვის. განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ ავღანეთის მისიაში დაღუპულ ჩვენ გმირ სამხედროებს, ვინც თავი შესწირა მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას. თავდაცვის ძალები მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ყველა არსებული თანამშრომლობის ფორმატში, პარტნიორების მხარდამხარ, ეროვნული და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება ეტაპობრივად დაასრულოს ავღანეთის მისია და გამოიყვანოს საჯარისო შენაერთები ავღანეთის ტერიტორიიდან.

ინფორმაციისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, ნატო-ს მისიაში მყოფი უცხოელი ჯარისკაცები ავღანეთს აშშ-სთან ერთად, 11 სექტემბრამდე დატოვებენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ქართველი სამხედროები პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით დატოვებენ ავღანეთს“ - დავით ზალკალიანი

პრემიერი: ნატო-ს გადაწყვეტილების შესაბამისად, ავღანეთს ქართული ქვედანაყოფებიც დატოვებენ