მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თავდაცვის სამინისტროს შექმნის დღესთან დაკავშირებით უწყებაში განახლებული ფოიე გაიხსნა

თავდ. სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შექმნიდან 29 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიმბოლურად უწყების ადმინისტრაციულ შენობაში განახლებული ფოიე გახსნა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

თავდაცვის უწყების შემოსასვლელში განთავსდა გენერალ გიორგი კვინიტაძის ბიუსტი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საზეიმოდ გახსნეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, თავდაცვის სამინისტროს შექმნის დღე მიულოცა და სახელოვანი სამხედრო პირების ღვაწლზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სიმბოლური თარიღი იყო მისთვისაც, რადგან, სწორედ, ერთი წლის წინ თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაინიშნა.

„თავდაცვის სამინისტროს ფოიეში, ასევე გამოიყო მემორიალური სივრცე გმირების უკვდავსაყოფად წარწერით - „დიდება გმირებს“. გენერალ გიორგი კვინიტაძის ბიუსტი მოქანდაკე გია ჯაფარიძემ შექმნა. მან ბრინჯაოთი შესრულებული ბიუსტი საარქივო მასალებზე დაყრდნობით მოამზადა. სამომავლოდ გია ჯაფარიძე თავდაცვის სამინისტროსთვის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტსაც შექმნის“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, უწყების ინტერიერისა და მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვეა აქტიურად მიმდინარეობს და სექტემბრის ბოლოს დასრულდება. განახლებული ფოიეს გახსნას თავდაცვის უწყების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

თავდაცვის სამინისტროს შექმნის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიერ ხელმოწერილი N187 ბრძანებულება 1991 წლის 9 სექტემბრით თარიღდება. დოკუმენტის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს დაევალა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული არმიის ჩამოყალიბება და საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა. ამავე დოკუმენტის მიხედვით, ეროვნული გვარდია უშუალოდ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს დაექვემდებარა.