არგენტინის მოქალაქეებს რუსული ვაქცინის „Sputnik V“-ს მეორე დოზა არ ჰყოფნით. ამის შესახებ BBC იუწყება.
ის ადამიანები, რომლებიც ვაქცინის პირველი კომპონენტით აიცრნენ, მეორე დოზას უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ იღებენ. ხელისუფლება მოსახლეობას ამშვიდებს, რომ ვაქცინის ერთი დოზაც საკმაოდ ეფექტიანია, ხოლო მეორე დოზის სახით ისინი ბრიტანულ AstraZeneca-ს ან ჩინურ CanSino-ს მიიღებენ. ანალოგიური პრობლემები მექსიკასა და გვატემალაშიც ფიქსირდება.
ოფიციალური ინფორმაციით, ამჟამად არგენტინაში „Sputnik V“-ს პირველი კომპონენტის 7,8 მლნ დოზაა მიწოდებული და ვაქცინის მეორე კომპონენტის მხოლოდ 1,5 მლნ დოზა, ანუ 5-ჯერ ნაკლები. ამის გამო არგენტინელები, რომლებმაც აცრა ჯერ კიდევ მარტში-აპრილში ჩაიტარეს, მას შემდეგ მეორე აცრას ელოდებიან. არგენტინის ხელისუფლება რუსულ მხარესთან ვაქცინის მიწოდების საკითხზე ამჟამად აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს.
„Sputnik V“ პირველი ვაქცინა გახდა, რომლითაც არგენტინაში მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო. გასული წლის დეკემბერში იქ სამედიცინო სფეროს მუშაკები, ასევე ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები - პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი აიცრნენ.