მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავღანეთში ქალებისთვის განათლების მიღებაში ხელის შეშლა ანტიისლამურია - პაკისტანის პრემიერი

პაკისტანის პრემიერი ავღანეთზე

ავღანეთში ქალებისთვის განათლების მიღებაში ხელის შეშლა ანტიისლამური გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იმრან ჰანმა განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„მე ვფიქრობ, რომ ქალებს და გოგოებს სკოლებში სწავლის უფლება უნდა მიეცეთ. მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქალმა განათლება არ უნდა მიიღოს, ისლამური არ არის. მას რელიგიასთან არაფერი აქვს საერთო“ - განაცხადა ჰანმა.

ასევე ჰანმა ჩამოთვალა ის პირობები, რა შემთხვევაშიც პაკისტანი თალიბების მთავრობას აღიარებს. მისი განცხადებით, მეზობელი ქვეყნის ხელმძღვანელობა უფრო გახსნილი უნდა იყოს და ადამიანის უფლებებს პატივი სცეს. ჰანი ამბობს, რომ თალიბების აღიარების საკითხს ავღანეთის მეზობელი ქვეყნები კოლექტიურად გადაწყვეტენ. პაკისტანის პრემიერი ასევე ამბობს, რომ ავღანეთი ტერორისტების თავშესაფარი არ უნდა გახდეს, რაც პაკისტანის უსაფრთხოებას დაემუქრება.

ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ქაბულის აღების შემდეგ თალიბებმა რამდენჯერმე განაცხადეს, რომ ქალების უფლებებს ისინი პატივს სცემენ, რეალურად მათ რამდენიმე დღის წინ საშუალო სკოლებში გოგოებს სიარული აუკრძალეს. ასევე ქალებს სხვადასხვა უწყებებში, მათ შორის სკოლებში მუშაობა ეკრძალებათ.