მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანში გაზი და ელექტროენერგია გაძვირდა

აზერბაიჯანში გაზი და დენი ძვირდება

აზერბაიჯანში მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია გაძვირდა. ამის შესახებ report.az იუწყება.

შესაბამისი გადაწყვეტილება სატარიფო საბჭომ მიიღო. ახალი ტარიფები 1-ლი ნოემბრიდან ამოქმედდება.

კერძოდ, იმ აბონენტებისთვის, ვინც წელიწადში 1200 კუბურ მეტრამდე ბუნებრივ აირს მოიხმარს, ტარიფი ათას კუბურ მეტრში 100-დან 120 მანათამდე გაიზრდება (184,8-დან 221,7 ლარამდე.) ანუ ერთ კუბურ მეტრში ფასი 18,48-დან 22,17 თეთრამდე გაიზარდა.

აბონენტებს, ვინც წელიწადში 1200-დან 2500 კუბურ მეტრამდე გაზს მოიხმარს, მათთვის ფასი ათას კუბურ მეტრში 250 მანათი გახდება (დაახლოებით 46,2 თეთრი ერთ კუბურ მეტრში).

რაც შეეხება ელექტროენერგიას, იმ აბონენტებს, ვინც თვეში 200 კვტ/სთ-ზე ნაკლებს მოიხმარს, ფასი 0,07-დან 0,08 მანათამდე გაიზრდება (12,94-დან 14,78 თეთრამდე). 200-დან 300 კილოვატ/საათამდე ფასი 0.09 მანათი ანუ 16,53 თეთრი იქნება, ხოლო მათ, ვინც თვეში 300 კვტ/სთ-ზე მეტს მოიხმარს, ფასი 0,13 მანათს, ანუ 24,03 თეთრს შეადგენს.

სატარიფო საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბუნებრივი აირის გაძვირებამ მთელ მსოფლიოში, მათ შორის, ევროპაში ელექტროენერგიის გაძვირებაც გამოიწვია. 2021 წელს საწარმოთა მუშაობის და ეკონომიკის აღდგენამ ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნილება გამოიწვია. იმის გამო, რომ აზერბაიჯანში ელექტროენერგიის 50%-ის გამომუშავება სწორედ თბოელექტროსადგურებში, ბუნებრივი აირის მეშვეობით ხდება, გაზის ტარიფის ზრდას ელექტროენერგიის გაძვირებაც მოჰყვება.