მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანულმა ჯარმა სომხეთის ტერიტორია უნდა დატოვოს - მაკრონი

მაკრონი და ფაშინიანი

აზერბაიჯანულმა ჯარმა სუვერენული სომხეთის ტერიტორია უნდა დატოვოს და მხარეები 2021 წლის 11 მაისს არსებულ პოზიციებზე უნდა დაბრუნდნენ. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ნიკოლ ფაშინიანთან პარიზში გამართულ შეხვედრაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. ინფორმაციას „არმენპრესი" ავრცელებს.

მაკრონმა აღნიშნა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია მხოლოდ დიალოგის რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს და ძალის გამოყენება არ უნდა ხდებოდეს.

„საფრანგეთი მზად არის ამ საკითხში მხარეებს დახმარება აღმოუჩინოს. საუბარია ტყვეების გათავისუფლებაზე, ასევე ტერიტორიის განაღმვაზე. მთიან ყარაბაღში კულტურული მემკვიდრეობა დაცული უნდა იყოს, აუცილებელია როგორც ქრისტიანული, ასევე მუსულმანური მემკვიდრეობის დაცვა. როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, საფრანგეთი ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს, რომ მხარეებმა დიალოგი დაიწყონ და დეესკალაციას მიაღწიონ“ - განაცხადა მაკრონმა.

მაკრონმა და ფაშინიანმა ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, პარიზი მზად არის კავკასიის რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფას ხელი შეუწყოს.

ცნობისთვის, 12 მაისს 200 აზერბაიჯანელი სამხედრო სოფელ ვერიშენთან „საზღვრის დაზუსტების“ მიზნით სომხეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდა. ისინი ამ ტერიტორიაზე დღემდე რჩებიან.