მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაიდენის და პუტინის შეხვედრა მეგობრული არ იქნება - BBC

ბაიდენი პუტინის შეხვედრა

„აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა მეგობრული არ იქნება“, - ამის შესახებ BBC იუწყება.

გამოცემას ამის რამდენიმე მიზეზი მოჰყავს. ერთ-ერთია ის, რომ რუსეთმა აშშ ცოტა ხნის წინ არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანა. ამჟამად ორივე ქვეყნის ელჩი სამშობლოშია გაწვეული, რუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აშშ-მა სანქციები დააწესა, რუსეთის ციხეში ორი ამერიკელი სამხედრო სასჯელს იხდის, მათ შორის ერთ-ერთს ჯაშუშობისთვის 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ექსპერტები აცხადებენ, რომ შეხვედრა, პირველ რიგში, პუტინს სჭირდება, რადგანაც ის მას გარკვეულწილად ბაიდენთან თანაბარ პირობებში აყენებს. ეს კი რუსეთის ლიდერისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენს ევროპული ტურნეს ფარგლებში ძალზე დატვირთული დღის წესრიგი აქვს, ჟურნალისტების განსაკუთრებულ ინტერესს სწორედ ბაიდენი-პუტინის შეხვედრა იწვევს.

აშშ-ის მიმართ პუტინის ბოლოდროინდელი აგრესიული რიტორიკის მიუხედავად, როდესაც ის ყველა აგრესორს „კბილების ჩალეწვით“ დაემუქრა. ექსპერტები ამბობენ, რომ პუტინსაც აშშ-სთან ასეთი დონის დაძაბულობის დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნება არ აწყობს. ასე რომ ის „ტემპერატურის დაწევას“ შეეცდება. ერთ-ერთი ასეთი პირველი ნაბიჯი შეიძლება გახდეს ელჩების და დიპლომატების დაბრუნება. ბოლო წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა ათობით რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. ასევე პუტინი აცხადებს, რომ ბირთვული შეიარაღების კონტროლის საკითხში მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის თანამშრომლობა შესაძლებელია.

რაც შეეხება ვაშინგტონს, ის რუსეთთან სტაბილურ და გონიერ ურთიერთობებშია დაინტერესებული, „როდესც აშშ-ის და რუსეთის ლიდერები ერთმანეთს არ ესაუბრებიან, მოსკოვის მოქმედება სრულიად უპროგნოზო ხდება“ - განაცხადა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ლილია შევცოვამ.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ შეხვედრაზე ბაიდენი რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვის და ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ბედის შესახებ საკითხს დააყენებს. ამასთანავე ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ძირითადი მოლაპარაკება უფრო გლობალურ თემატიკაზე გაიმართება.