მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაიდენმა ელექტრომობილების აკუმულატორების უტილიზაციის გეგმა წარმოადგინა

ბაიდენის გეგმა ელექტრომობილთან მიმართებაში

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ელექტრომობილების აკუმულატორების უტილიზაციის და მათი ხელახალი გამოყენების გეგმა წარმოადგინა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

გეგმა „დემოკრატიული პარტიის" სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიხედვით 2030 წლისთვის აშშ-ში ავტომობილების უმეტესობა ელექტროენერგიაზე უნდა მუშაობდეს, ხოლო 2040 წლისთვის ყველა მანქანა ელექტრომობილი იყოს.

ერთ-ერთი პრობლემაა აკუმულატორების წარმოებისთვის აუცილებელი კობალტის, ლითიუმის და სხვა აუცილებელი ნედლეულის მიწოდება. აშშ-ში ამ მასალების მოპოვებას სერიოზული ნორმატიული რეგულაციები აფერხებს. ამ საკითხზე აშშ ამჟამად მოკავშირე ქვეყნებთან აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს.

ძველი ავტომობილების ნაწილების, მათ შორის აკუმულატორების ნაწილების ხელახალი გამოყენებით შესაძლებელი გახდება, რომ წიაღისეულის მოპოვების გაზრდა აუცილებელი აღარ გახდეს. თანაც რეცირკულაციის გარეშე 2040 წლისთვის აშშ-ში მხოლოდ ავტომობილების აკუმულატორების ნარჩენები 8 მლნ ტონას მიაღწევს.

ელექტრომობილების აკუმულატორების და სხვა ნაწილების ხელახალი გამოყენების ტექნოლოგიების განვითარებაში აშშ-ში მილიონობით დოლარის ინვესტირება იგეგმება.

ექსპერტები ამბობენ, რომ რამდენიმე წლის წინ შიდა წვის ძრავებიან მანქანებში გამოყენებული მჟავიანი აკუმულატორების გადამუშავება და ხელახალი გამოყენებაც არ ხდებოდა. ახლა კი ამ აკუმულატორების გადამუშავება და ხელახალი გამოყენება ჩვეულებრივი პროცესია.

გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობა როგორც აშშ-ში, ასევე სხვა ქვეყნებში, მაგალითად, მექსიკაში იგეგმება.

IHS Markit-ის კვლევების მიხედვით, გასულ წელს მსოფლიოში 2,5 მლნ ელექტრომობილი გაიყიდა. ეს მაჩვენებელი მიმდინარე წელს დაახლოებით 70%-ით გაიზრდება.