მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირი იმუქრება, რომ ანტი-ლგბტქ ზონების შექმნის გამო პოლონეთიდან $150 მილიონიან დახმარებას გამოითხოვს

ლგბტ მომხრეები ქუჩაში

ევროკავშირი იმუქრება, რომ ანტი-ლგბტქ ზონების შექმნის გამო პოლონეთიდან $150 მილიონიან დახმარებას გამოითხოვს - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ამერიკული გამოცემა „ჰილი“.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ევროკომისიამ წერილები უკვე გაუგზავნა ხუთივე პროვინციას, სადაც ამგვარი ზონები შეიქმნა. საინფორმაციო სააგენტოს Bloomberg-ის თანახმად, ბრიუსელის კორესპონდენციაში გაფრთხილება კეთდება, რომ ფინანსურ დახმარებაზე უარს განაცხადებენ, თუ ამ ზონების ანულირება არ მოხდება.

გაზეთში მოყვანილია ამონარიდები პოლონური მედიიდან, სადაც ამ ფაქტს ქვეყნის ოფიციალური პირებიც ადასტურებენ.

იგივე წყაროს ინფორმაციით, ფინანსური დახმარება განსაზღვრული იყო პროგრამისთვის „React-EU“, რომელიც ეკონომიკური აღდგენის პროცესში ქვეყნის დახმარებას ისახავდა მიზნად. პოლონეთისთვის დახმარების პაკეტი 1.5 მილიარდ ევროს გულისხმობდა ($1.78 მილიარდის ეკვივალენტი).

სტატიაში ნათქვამია, რომ ევროკომისიის პრესსპიკერმა დაადასტურა „The Hill“ რედაქციის მიერ მოპოვებული ინფორმაცია ბრიუსელიდან პოლონეთის პროვინციების თვითმმართველობებში გაგზავნილი გამაფრთხილებელი წერილების შესახებ, სადაც მოთხოვნილია შესაბამისი სააგენტოს 15 ივლისის ფორმალური შეტყობინების პირობების დაკმაყოფილება.

ავტორის თქმით, ევროკომისიამ განაცხადა, რომ იურიდიულ ზომებს მიმართავს პოლონეთის წინააღმდეგ „ლგბტ იდეოლოგიისგან თავისუფალი ზონების“ საკითხთან დაკავშირებით. ბრიუსელი იქვე დასძენს, რომ პოლონეთის მთავრობა ევროკომისიის მიერ ამ საკითხთან მიმართებით საკანონმდებლო დათქმების ანალიზს აფერხებს.

პოლონეთის მთავრობის პრესსპიკერს Bloomberg-ის რედაქციის მიერ დასმულ შეკითხვაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

Bloomberg-ის თანახმად, პოლონეთის მუნიციპალიტეტების თითქმის მესამედს მიღებული აქვს დეკლარაცია 2020 წლის შუა პერიოდში. თუმცა, დეკლარაციებმა ბიძგი მისცა დისკრიმინაციის შიშს, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი იურიდიული მნიშვნელობა მას არ ჰქონია.

ევროკომისიამ, ასევე, განაცხადა, რომ ზომებს მიიღებს უნგრეთის წინააღმდეგაც იმ კანონის მიღების გამო, რომლითაც ქვეყანაში იკრძალება 18 წლამდე ასაკის სტუდენტების მიერ ისეთი მასალის ყურება, რომლითაც ჰომოსექსუალობის „წახალისება“ ხდება.