მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროპაში ჩინური სიგარეტის კონტრაბანდით იტალიური, მოლდავური და რუმინული მაფიაა დაკავებული - ევრონიუსი

ჩინური სიგარეტის კონტრაბანდა

ევროპულ ბაზარზე ბოლო დროს იაფფასიანი ჩინური თამბაქოს პროდუქცია გაჩნდა, რომელიც იქ კონტრაბანდული გზებით ხვდება. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, ჩინეთის თამბაქოს ნაციონალური კორპორაცია (CNTC) , რომელსაც სახელმწიფო აკონტროლებს, მსოფლიო სიგარეტის 50%-ს აწარმოებს. 2017 წელს ჩინეთის საბიუჯეტო შემოსავლების 11% სწორედ ამ სფეროზე მოდიოდა.

CNTC-ს ახლო კონტაქტები აქვს კომპანიებთან Philip Morris International, British American Tobacco, Japan Tobacco International და Imperial Brands. ის ამ კომპანიების მეთოდებს იყენებს და ამით ცდილობს პროდუქცია ევროპულ ბაზარზე შეიტანოს. ევროპის ქვეყნებში ჩინური სიგარეტის კონტრაბანდით იტალიური, მოლდავური და რუმინული მაფიაა დაკავებული.

მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წესდების მიხედვით, ჩინეთს თამბაქოს ნაწარმთან ბრძოლის ვალდებულება აქვს აღებული, რეალურად პეკინის მოქმედებას ამ მიმართულებით უფრო სიმბოლური ხასიათი აქვს. ჩინეთის თამბაქოს მწარმოებელს ზიმბაბვეში, პანამაში და ბრაზილიაში შვილობილი კომპანიები აქვს შექმნილი, რაც მის საქმიანობას კიდევ უფრო გაუმჭვირვალეს ხდის.

CNTC ჩინეთში როგორც თამბაქოს მწარმოებელი ძირითადი კომპანიაა, ასევე ის ერთდროულად მარეგულირებელი ორგანოც არის. მათ ერთი და იგივე ვებ-საიტიც კი აქვთ.

ევროპის ქვეყნები და აშშ COVID 19-ის პანდემიის წარმოშობის საკითხში ჩინეთის მთავრობის თანამშრომლობით უკმაყოფილოები არიან. ახლა კი ჩინეთის პოზიცია თამბაქოს გავრცელების საკითხში ახალ პრობლემებს ქმნის, რასაც, დასავლეთის აზრით, ჯანმომ და სხვა შესაბამისმა სტრუქტურებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ.