მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

FBI-მ 11 სექტემბრის ტერაქტის გამოძიებიდან პირველი დოკუმენტი გაასაჯაროვა

11 სექტემბრის ტერაქტი

შეერთებულ შტატებში 11 სექტემბრის ტერაქტის 20 წლისთავზე, FBI–მ პირველი გაშიფრული დოკუმენტები გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, 16-გვერდიანი დოკუმენტი აღწერს ორი ტერორისტის კონტაქტს საუდის არაბელ თანამზრახველებთან, მაგრამ არ იძლევა მტკიცებულებებს ტერაქტში საუდის არაბეთის მთავრობის მონაწილეობის შესახებ.

საუდის არაბეთის საელჩომ ვაშინგტონში განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს ყველა დოკუმენტის სრულ გაშიფვრას, რათა ქვეყნის მთავრობის მიმართ ბრალდებებს ბოლო მოეღოს. დიპლომატიური მისია ტერაქტში საუდის არაბეთის მონაწილეობის შესახებ ნებისმიერ ბრალდებას ყალბს უწოდებს.

დოკუმენტის გასაჯაროება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ბრძანებით მოხდა. საუდის არაბეთის ხელისუფლება FBI–ს გამოქვეყნებულ მასალას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

11 სექტემბრის ტერაქტში საუდის არაბეთის შესაძლო როლის შესახებ დოკუმენტების გასაჯაროებას მსხვერპლთა ოჯახები ითხოვდნენ.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის წინ, 2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ წევრებმა ხელში ჩაიგდეს სამგზავრო თვითმფრინავები და ამერიკის სხვადასხვა შტატში ტერორისტული აქტების სერია განახორციელეს, რომელსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.