მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გერმანია მერკელის შემდეგ - 26 სექტემბერს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

კანცლერობის კანდიდატები

26 სექტემბერს გერმანიის პარლამენტში (ბუნდესტაგში) არჩევნები გაიმართება. პარლამენტის წევრთა არჩევა 4 წლის ვადით ხდება.

დეპუტატთა არჩევა საერთო, თავისუფალი, თანასწორი და ფარული კენჭისყრით ხდება. არჩევნებში 18 წელზე უფროსი ასაკის პირები მონაწილეობენ, მათი ქონებრივი მდგომარეობის, განათლების და პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად. ამომრჩეველი ხმას აძლევს როგორც კონკრეტულ კანდიდატს, ასევე პარტიულ სიებს. არჩევნებთან დაკავშირებით Deutche Welle შესაბამის ინფორმაციას ავრცელებს.

გერმანიაში წარმომადგენლობითი დემოკრატიაა

გერმანაიში საარჩევნო სისტემა ამერიკულისგან, ბრიტანულისგან და შვეიცარიულისგან განსხვავებულია. გერმანიაში არა პირდაპირი, არამედ წარმომადგენლობითი მმართველობის ფორმაა. მთავარ როლს აქ დეპუტატები ასრულებენ, რომლებიც ხალხის ნების აღმსრულებლები არიან.

შვეიცარია პირდაპირი დემოკრატიის თვალსაჩინო მაგალითია. აქ კანონებს პარლამენტის გარდა, საყოველთაო რეფერენდუმებზეც იღებენ. გერმანიაში კი საკანონმდებლო გადაწყვეტილებებს მხოლოდ ხალხის მიერ არჩეული დეპუტატები იღებენ. შესაბამისად თითოეულ მათგანს დიდი პასუხისმგებლობა ენიჭება.

გერმანიის კონსტიტუციაში პირდაპირ წერია:

„დეპუტატები არიან ხალხის წარმომადგენლები, ისინი არავის განკარგულებებს არ ასრულებენ და მხოლოდ საკუთარ სინდისს ემორჩილებიან“.

ამომრჩევლებს არჩევნების გასაჩივრებაც შეუძლიათ, თუ ისინი დაინახავენ, რომ არჩევნების დროს გაყალბებას და დარღვევებს ჰქონდა ადგილი.

ბუნდესტაგის როლი

2002 წლიდან ბუნდესტაგში 598 დეპუტატია. პარლამენტის არჩევა შერეული სისტემით ხდება - ნახევარს - 299 წევრს, მოსახლეობა ერთმანდატიან ოლქებში, ანუ მაჟორიტარული სისტემით ირჩევს. მეორე ნახევარი კი პარტიული სიებიდან დაკომპლექტდება. თითოეული პარტია სიებს 16 ფედერალური რეგიონის მიხედვით ადგენს. თითოეული რეგიონი (ფედერალური მიწა) თავის პარტიულ სიას ადგენს.

ფედერალური რეგიონის ზომის მიხედვით, მისი სიები ფედერალურ პარტიულ სიაში ერთიანდება და მას კანცლერობის კანდიდატი ხელმძღვანელობს. ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირს, საიდანაც 2005 წელს ანგელა მერკელი ფედერალური კანცლერი გახდა, ახლა არმინ ლაშეტი ხელმძღვანელობს.

ქრისტიან-დემოკრატების ძირითად კონკურენტს, სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, ოლაფ შოლცი ხელმძღვანელობს. ის ამჟამად ვიცე-კანცლერი და ფინანსთა მინისტრია. „მწვანეთა პარტიას", რომელსაც, ასევე, წარმატების დიდი შანსები აქვს, ანალენა ბერბოკი უდგას სათავეში. საბოლოოდ, ფედერალურ კანცლერს არა უშუალოდ გერმანელი ამომრჩეველი, არამედ სწორედ ბუნდესტაგის წევრები ირჩევენ.

რა არის პირველი და მეორე ხმა?

ორი ხმიდან, რომლის გამოყენების უფლებაც გერმანელ ამომრჩეველს აქვს, მეორე უფრო მნიშვნელოვანია. ის ბუნდესტაგში პარტიების რაოდენობას განსაზღვრავს, თუ არჩევნებში რომელიმე პარტია 35%-ს მიიღებს, ეს ნიშნავს, რომ ის ბუნდესტაგის ადგილების 35%-ს მოიპოვებს. ამას კი ამომრჩეველი მეორე ხმით ადგენს. ასე რომ, საბოლოოდ სწორედ ამ ხმას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

ამომრჩეველს შეუძლია პირველი ხმა ერთი პარტიის კანდიდატს მისცეს, ხოლო მეორე ხმა სხვა პარტიის სიას. ბუნდესტაგში მოსახვედრად პარტიებს 5%-იანი ბარიერის დაძლევა მოუწევთ.

დამატებითი და გასაწონასწორებელი მანდატები

ამ ადგილებს იკავებენ კანდიდატები, რომლებმაც გამარჯვებას ერთმანდატიან ოლქებში მიაღწიეს. თუ ასეთი კანდიდატი იმაზე ნაკლებია, ვიდრე პარტიის მიერ მოპოვებული მანდატები, მაშინ დარჩენილ საპარლამენტო ადგილებს პარტია სიებიდან ავსებს, ხოლო თუ ერთმანდატიან ოლქებში გამარჯვებული კანდიდატი იმაზე მეტია, ვიდრე პარტიის მიერ მიღებული მანდატების საერთო რაოდენობა, მათთვის ბუნდესტაგში დამატებით მანდატებს, ანუ დამატებით ადგილებს ქმნიან (Überhangmandate).

და ეს კიდე ყველაფერი არ არის. იმის გამო, რომ გარკვეული პარტიები ბუნდესტაგში დამატებით ადგილებს იღებენ, სხვა პარტიებს გასაწონასწორებელ მანდატებს აძლევენ (Ausgleichmandate), რათა არჩევნების შედეგად დადგენილი პოლიტიკურ ძალთა თანაფარდობა უცვლელი დარჩეს.

ამ პროცედურაზე გერმანიის მთავრობამ და ოპოზიციამ შეთანხმებას 2012 წელს მიაღწიეს, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ დამატებითი მანდატების გაცემა გერმანიის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და ის ბუნდესტაგში ძალთა თანაფარდობას არღვევს. ამ შეთანხმების მთავარი მინუსი ისაა, რომ პარლამენტის შემადგენლობა მნიშვნელოვნად იზრდება. ამჟამად ბუნდესტაგში 709 წევრია, რაც ყველაზე მრავალრიცხოვანი პარლამენტია ევროპაში. ამჟამად დამატებითი და გასაწონასწორებელი მანდატების შემცირების მექანიზმი განიხილება.

ხუთპროცენტიანი ბარიერი

გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნებზე 5%-იანი საარჩევნო ბარიერი მოქმედებს. პარტიამ პარლამენტში მოსახვედრად ამომრჩეველთა ხმების მინიმუმ 5% უნდა მიიღოს. მსგავსი ნორმა სხვა ქვეყნებშიც მოქმედებს. ასე, მაგალითად, ისრაელში პარლამენტში მოსახვედრად პარტიამ 3,25% უნდა მიიღოს, ხოლო თურქეთში მინიმუმ 10%. გერმანიაში 5%-იანი ბარიერის დაწესებამ ისტორიულმა გამოცდილებამ გამოიწვია.

მისი მიზანია - პარტიულ-პოლიტიკური ლანდშაფტის დანაწევრების დაუშვებლობა, რაც გერმანიაში 1920-იან წლებში მოხდა. ამის შედეგად რთულდებოდა სტაბილური მთავრობის ჩამოყალიბება, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა გააჩნია. ამ ნორმის კრიტიკოსებს კი მიაჩნიათ, რომ მრავალი ხმა, რომელიც ამომრჩეველმა იმ პარტიებს მისცა, რომლებიც პარლამენტში ვერ მოხვდნენ, უბრალოდ დაიკარგა. 2013 წლის არჩევნებზე დაახლოებით 7 მილიონი ასეთი დაკარგული ხმა იყო. 5%-იანი ბარიერის მიზანშეწონილობაზე კამათი არ წყდება, თუმცა ამ არჩევნებზე ის ძალაში რჩება.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 ყოფილი ჟურნალისტი, უემოციო რობოტი თუ თავგამოდებული ევროპელი - ვინ შეცვლის ანგელა მერკელს?