მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იბრაჰიმ რაისმა ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა

იბრაჰიმ რაისი

იბრაჰიმ რაისი ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ოფიციალურად დასახელდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

რაისმა ამომრჩეველთა ხმების 62% მიიღო. არჩევნების სხვა მონაწილეებმა და ირანის მოქმედმა პრეზიდენტმა რაისს გამარჯვება უკვე მიულოცეს.

იბრაჰიმ რაისი ირანის სასამართლო სისტემის ხელმძღვანელი იყო. ის კონსერვატიული ხაზის გამტარებლად ითვლება.

არჩევნების საბოლოო შედეგებს ირანის შს სამინისტრო მოგვიანებით გამოაცხადებს. საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას პრაქტიკულად ყველა რეფორმატორ კანდიდატს არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა. ამომრჩეველთა აქტივობა ძალზე დაბალი იყო - საარჩევნო უბნებზე მხოლოდ 44% მივიდა, რადგანაც არჩევნების შედეგებში ეჭვი პრაქტიკულად არავის ეპარებოდა. შედარებისთვის, 2017 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე ირანში ამომრჩეველთა 77% მივიდა.

იბრაჰიმ რაისის წინააღმდეგ ევროკავშირის და აშშ-ის სანქციები მოქმედებს. მას 2019 წელს ანტისამთავრობო პროტესტების დარბევისას ადამიანის უფლებების დარღვევას აბრალებენ.

საარჩევნო კამპანიის დროს რაისმა კორუფციასთან ბრძოლის გაგრძელების, ღარიბი ადამიანებისთვის ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის და „ძლიერი ირანის სახალხო მთავრობის" შექმნის პირობა დადო. ექსპერტების ნაწილი მას ირანის სულიერი ლიდერის, ალი ხამენეის მემკვიდრედ ასახელებს. ხამენეი მომავალ წელს 82 წლის გახდება.