მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყოფილი ჟურნალისტი, უემოციო რობოტი თუ თავგამოდებული ევროპელი - ვინ შეცვლის ანგელა მერკელს?

არჩევნები გერმანიაში

ფედერალურ საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით სამი კვირით ადრე გერმანიის პოლიტიკური მომავალი საკმაოდ ბუნდოვანია. ანგელა მერკელის 16-წლიანი პოლიტიკური ეპოქა მიმდინარე შემოდგომაზე ოფიციალურად დასრულდება. ამასთანავე მისი მემკვიდრის დასახელება ძალზე რთულია. „ევრონიუსი“ კანცლერობის კანდიდატებზე, მათ რეიტინგზე და შანსებზე წერს.

არჩევნები 26 სექტემბერს ჩატარდება. ყველაზე რეალური ვარიანტია, რომ პარტიებს კოალიციური მთავრობის შექმნა მოუწევთ. რეალური პარტია-ლიდერი არ არსებობს, შესაბამისად ბევრი კომბინაციაა შესაძლებელი.

სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, არცერთ სავარაუდო კანდიდატს, რომელიც კანცლერის პოსტზე მერკელს შეცვლის, 62-მილიონიანი ამომრჩევლის სრული მხარდაჭერა არა აქვს. გერმანიის საარჩევნო სისტემის მიხედვით, ქვეყნის ხელმძღვანელ პირებს ბუნდესტაგი - ფედერალური პარლამენტი ირჩევს. ახლა უკვე ზუსტად არის ცნობილი, რომ ანგელა მერკელი კანცლერის პოსტს დატოვებს, შესაბამისად ისმის კითხვა - ვინ შეიძლება უხელმძღვანელოს გერმანიის მომავალ მთავრობას?

არმინ ლაშეტი

არმინ ლაშეტი ანგელა მერკელის ოფიციალურ მემკვიდრედ დასახელდა. ის გერმანიის კონსერვატიული ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარეა. მის დადებით მხარეებზე საუბრისას, პირველ რიგში, მოჰყავთ ადამიანების გაერთიანების უნარი. ლაშეტი მერკელის ცენტრისტულ პოზიციებს იზიარებს.

60 წლის ლაშეტი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე დასახლებული რეგიონის, ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის ლიდერია. ის, ასევე, ცნობილია იმით, რომ ხშირად საკმაოდ უხერხულ სიტუაციებში ხვდება. ამასთანავე, მიიჩნევა პოლიტიკოსად, რომელსაც ოპონენტების ძლიერი დარტყმების მოგერიება შეუძლია.

ლაშეტი მერკელის იმ მცირერიცხოვან მომხრეებს შორის იყო, რომელმაც 2015 წელს სირიიდან და ავღანეთიდან ასიათასობით ლტოლვილი მიიღო. ბოლო დროს კი პანდემიასთან ბრძოლის განსხვავებული ხედვის გამო მათ შორის ურთიერთობები გაუარესდა.

ლაშეტი მაღაროელის შვილია, ის გერმანიის დასავლეთ ნაწილიდანაა, მორწმუნე კათოლიკეა.

ვიდრე პოლიტიკოსი გახდა, ჟურნალისტად მუშაობდა. ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ის 2020 წლის იანვარში გახდა. ბოლო კვლევების მიხედვით, არმინ ლაშეტს კანცლერის პოსტზე გამოკითხულთა მხოლოდ 12% ხედავს, ასე რომ ამ მხრივ მისი დღევანდელი რეიტინგი საკმაოდ დაბალია.

ივლისში დასავლეთ გერმანიაში მომხდარი წყალდიდობა, რომლის შედეგად სულ მცირე 190 ადამიანი დაიღუპა, ლაშეტისთვის სერიოზული გამოცდა გახდა და კრიზისულ სიტუაციებში მისი უნარები აჩვენა. ლაშეტი ბევრი აკრიტიკებდა წყალდიდობის დღეებში ჟურნალისტისთვის გაცემული პასუხის გამო, როდესაც მას კლიმატის ცვლილებაზე ჰკითხეს:

„ის, რომ ჩვენ ასეთ დღეში ვართ, სულაც არ ნიშნავს, რომ პოლიტიკა უნდა შევცვალოთ“, - უპასუხა ლაშეტმა ჟურნალისტს.

არმინ ლაშეტის რეპუტაციას, ასევე, ზიანი მიაყენა გავრცელებულმა კადრებმა, როდესაც ის მომღიმარი სახით გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის უკან დგას. შტაინმაიერი ამ დროს წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიუგებდა.

ლაშეტმა ერთ-ერთი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური კარიერის დროს მას სათანადოდ არ აფასებდნენ.

ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის არჩევნები პირდაპირი კენჭისყრით რომ ტარდებოდეს, ამ პოსტზე სოციალ-დემოკრატი ოლაფ შოლცი იქნებოდა არჩეული. კვლევების მიხედვით, მას კანცლერის პოსტზე მოსახლეობის 27% უჭერს მხარს, ანუ ქრისტიან-დემოკრატ ლაშეტს ორჯერ და მეტჯერ უსწრებს. 63 წლის შოლცი ამჟამად ვიცე-კანცლერია და მას კანცლერის სავარძლის დაკავების ამბიცია გააჩნია.

შოლცი სოციალ-დემოკრატების წევრი ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, 17 წლის ასაკში გახდა. მას ხშირად მონოტონური გამოსვლებისთვის აკრიტიკებენ. „არანაირი ემოციურობა“ - ამბობენ შოლცზე კოლეგები. ამისთვის მას ზედმეტ სახელი, „შოლცომატი“, ანუ რობოტი უწოდეს.

შოლცი სხვადასხვა დროს ჰამბურგის მერის და ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებდა. ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე, რომელიც შოლცმა 2018 წელს დაიკავა, მას ხშირად აკრიტიკებდნენ უმოქმედობაში Wirecard-თან დაკავშირებული სკანდალის გამო, როდესაც გაირკვა, რომ ეს ორგანიზაცია წლების განმავლობაში ფინანსურ ანგარიშგებას აყალბებდა.

მიუხედავად იმისა, რომ შოლცი 2019 წლიდან გერმანიის სოციალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე აღარ არის, ამ პარტიამ კანცლერის პოსტზე სწორედ ოლაფ შოლცის კანდიდატურა დაასახელა.

ანალენ ბერბოკი

კიდევ ერთი კანდიდატი, რომელიც კანცლერის პოსტზე ბრძოლას შეეცდება, „მწვანეთა პარტიის“ წარმომადგენელი ანალენ ბერბოკია. 40 წლის საკმაოდ ენერგიული ქალი გერმანიაში მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარების ერთგვარი სიმბოლოა მერკელის 16-წლიანი კონსერვატიული მმართველობის შემდეგ. ის ხშირად ხდება სოციალური ქსელების თავდასხმის ობიექტად. ერთ-ერთ ფეიკ-ნიუსში ბერბოკი შიშველი ფოტოების გავრცელებაში დაადანაშაულეს. კიდევ ერთ ყალბ ნიუსში იყო აღნიშნული, რომ ბერბოკი ქუჩაში ძაღლების გასეირნების აკრძალვას გეგმავს, რადგანაც ამით გარემოს დაცვას აპირებს. პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ბერბოკის პროგრამას „სოციალურ სახელმწიფოში ჩადებულ ბომბს“ უწოდებენ.

ანალენ ბერბოკი საკუთარ თავს „თავგამოდებულ ევროპელს“ უწოდებს. ის პოლიტიკით 20 წლიდან არის დაკავებული. „მწვანეთა“ პროგრამა ცნობილია - ისინი წინა პლანზე კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას ასახელებენ, რათა კლიმატის პარიზის შეთანხმება შესრულდეს.

ანალენ ბერბოკი ასევე ბავშვთა უფლებების მიმართ მეტი ყურადღების უზრუნველყოფის მომხრეა და იმ ადამიანებისთვის საგადასახადო ტვირთის შემცირების მომხრეა, ვისაც დაბალი შემოსავალი აქვს. კანცლერის პოსტზე ბერბოკის დასახელების შემდეგ მწვანეთა პარტიას ბევრი ახალი წევრი შეემატა, თუმცა ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ანალენ ბერბოკს კანცლერობისთვის ბრძოლაში გამარჯვება გაუჭირდება.

ვის სურს კიდევ გერმანიის კანცლერის პოსტის დაკავება?

გერმანიის ფედერალური კანცლერის პოსტზე დანარჩენი კანდიდატები არიან:

👉„თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი კრისტიან ლინდნერი, რომელიც თავისუფალ ბაზარს და სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების გატარებას მხარს უჭერს

👉 „ულტრამემარჯვენე პარტიის“ წარმომადგენლები ალის ვაიდელი და თინო ხრუპალა.

👉 „მემარცხენე პარტიის“ კანდიდატები იანინ ვისლერი და დიტმარ ბარკი, რომლებიც ეკონომიკაზე სახელმწიფო კონტროლს და ნატოდან გერმანიის გასვლას მხარს უჭერენ.

Forsa-ს ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევების მიხედვით, „სოციალ-დემოკრატებს“ მხარს უჭერს გამოკითხულთა 23%, „ქრისტიან დემოკრატებს“ - 21%, „მწვანეებს“ - 18%, „თავისუფალ დემოკრატიულ პარტიას“ - 12%, „ულტრამემარჯვენე პარტიას“ - 11% და „მემარცხენე პარტიას“ მხარს უჭერს გამოკითხულთა 6%.