მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლუკაშენკო უკრაინას ემუქრება, რომ ყირიმში ავიარეისების შესრულებას დაიწყებს

ლუკაშენკო ყირიმზე

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ უკრაინის სანქციების საპასუხოდ ოკუპირებულ ყირიმში ავიარეისების შესრულებას დაიწყებს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

ამის შესახებ ლუკაშენკომ მინსკში გამართულ თათბირზე განაცხადა. მისი თქმით, აქამდე ბელარუსის მოქალაქეები ყირიმში უკრაინის გავლით ჩადიოდნენ.

„უკრაინამ ჩვენ საჰაერო სივრცე დაგვიხურა. ჩვენ კი გვაქვს სანატორიუმები ყირიმში, სადაც ადამიანები ყოველთვის დადიოდნენ. იმისათვის, რომ უკრაინასთან ურთიერთობები არ გაგვერთულებინა, ჩვენ ყირიმში უკრაინის გავლით დავდიოდით - მატარებლით, მანქანით, თვითმფრინავებით, ახლა კი უკრაინამ საჰაერო სივრცე დაგვიხურა. მე პუტინს ვთხოვე, რომ მოიფიქროს, როგორ მოვხვდეთ ყირიმში“ - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

ლუკაშენკო ამბობს, რომ შესაბამისი ავიარეისების დანიშვნის საკითხი უკვე განიხილება.

ცნობისთვის, 24 მაისიდან „ბელავიას“ თვითმფრინავებისთვის უკრაინამ და ევროკავშირის ქვეყნებმა საჰაერო სივრცე დახურეს. „ბალავიას“ ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ფრენა აუკრძალეს. ამის გამო ავიაკომპანიამ რეისები 10 ქვეყანაში გააუქმა. მისი მგზავრები კი მასიურად აბრუნებენ ბილეთებს.

სკანდალი ბელარუსის გარშემო 23 მაისის შემდეგ გამწვავდა, როდესაც Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, იძულების წესით მინსკის აეროპორტში დასვეს. თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ბელორუსი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი პოლიციამ დააკავა. მას რამდენიმე მუხლით ბრალი წაუყენეს, მათ შორის მასობრივი არეულობის მომზადება, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, ასევე სოციალური შუღლის გაღვივება. პროტასევიჩს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მეორე დღეს ევროკავშირმა ბელორუსულ თვითმფრინავებს ორგანიზაციის ტერიტორიაზე ფრენა აუკრძალა. ასევე ბელარუსის წინააღმდეგ სხვა სანქციების დაწესებაც იგეგმება.