მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მინსკის აეროპორტში Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დასმის ფაქტს FBI გამოიძიებს

FBI ჩაერთვება გამოძიებაში

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) მინსკის აეროპორტში 23 მაისს ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დასმის ფაქტს გამოიძიებს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

თვითმფრინავთან დაკავშირებულ ინციდენტს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაც იძიებს. დამოუკიდებელ გამოძიებას პოლონეთიც ჩაატარებს.

როგორც ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე ლიტვის კრიმინალური პოლიციის უფროსმა როლანდას კიშკისმა განაცხადა, ლიტვა ინტენსიურად თანამშრომლობს ირლანდიელ და ბერძენ კოლეგებთან. უკვე გამოკითხულია თვითმფრინავის ეკიპაჟი და მგზავრთა 90%.

კიშკისის ინფორმაციით, პოლონეთი გამოძიებას იმის გამო ატარებს, რომ Ryanair-ის თვითმფრინავი მის ტერიტორიაზეა რეგისტრირებული. FBI-ის ჩართვა ამ პროცესში კი იმის გამო ხდება, რომ ათენიდან ვილნიუსში მიმავალ რეისში შეერთებული შტატების მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ.

ცნობისთვის, 23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა, იძულების წესით მინსკის აეროპორტში დასვეს. თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ბელორუსი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი პოლიციამ დააკავა. მას რამდენიმე მუხლით ბრალი წაუყენეს, მათ შორის მასობრივი არეულობის მომზადება, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, ასევე სოციალური შუღლის გაღვივება. პროტასევიჩს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მეორე დღეს ევროკავშირმა ბელორუსულ თვითმფრინავებს ორგანიზაციის ტერიტორიაზე ფრენა აუკრძალა. ასევე ბელარუსის წინააღმდეგ სხვა სანქციების დაწესებაც იგეგმება.

იხილეთ ასევე:

🔅 ჟურნალისტ რომან პროტასევიჩის მშობლები მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებენ ბელარუსის წინააღმდეგ მეტი სანქციები დააწესონ