მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნატოს წევრი ქვეყნების კოსმოსურ ობიექტებზე თავდასხმა მე-5 მუხლს აამოქმედებს - სტოლტენბერგი

სტოლტენბერგი კოსმოსზე

ნატოს წესდების მე-5 მუხლი, რომლის მიხედვით ალიანსის ერთ ქვეყანაზე თავდასხმა ყველა სხვა ქვეყანაზე თავდასხმას ნიშნავს, შესაძლოა, კოსმოსურ სივრცეზეც გავრცელდეს. ამის შესახებ გერმანულ გამოცემა Der Spiegel-ზე დაყრდნობით სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, საუბარია პირველ რიგში, ნატოს წევრი ქვეყნების თანამგზავრებზე. ეს ალიანსის სამხედრო მოწინააღმდეგეებისთვის, პირველ რიგში ჩინეთისა და რუსეთისთვის მკაფიო გზავნილი უნდა იყოს.

შესაბამისი გადაწყვეტილება ნატომ 14 ივნისისთვის დაგეგმილ სამიტზე უნდა მიიღოს, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მონაწილეობს. „კოსმოსზე იგივე წესები უნდა გავრცელდეს, რაც მიწაზე, წყალზე ჰაერზე და კიბერსივრცეზე ვრცელდება. ერთზე თავდასხმა - ყველაზე თავდასხმას ნიშნავს" - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

ამასთანავე ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ეს კოსმოსში დამატებითი შეიარაღების განთავსებას არ ნიშნავს. „ჩვენი ალიანსი თავდაცვას ემსახურება. ჩვენ კოსმოსში იარაღის განთავსებას არ ვგეგმავთ, თანამგზავრები კომუნიკაციასა და თავდაცვაში წამყვან როლს ასრულებენ და ისინი დაცულები უნდა იყოს“ - განაცხადა მან.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მა, ჩინეთმა, ინდოეთმა და რუსეთმა თანამგზავრების საწინააღმდეგო იარაღი შექმნეს და ის წარმატებით გამოსცადეს. 2019 წელს ნატომ კოსმოსური სივრცე ახალ ოპერატიულ სივრცედ აღიარა ხმელეთის, წყლის, ჰაერის და კიბერსივრცის მსგავსად. კოსმოსში განხორციელებული ოპერაციების, კერძოდ კი კავშირის, ნავიგაციის და დაზვერვის მიმართ ალიანსის ერთიანი მიდგომა განისაზღვრა.