მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სომეხი სამხედროები ტყვედ კი არ აიყვანეს, ისინი გაიტაცეს - ფაშინიანი

ფაშინიანი ჯარისკაცების დაკავებაზე

სომეხი სამხედროები აზერბაიჯანულმა ფორმირებებმა ტყვედ კი არ აიყვანეს, ისინი გაიტაცეს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას „არმენპრესი“ ავრცელებს.

„6 სომეხი სამხედრო სომხეთის ტერიტორიაზე საზღვრის გამაგრების სამუშაოებს აწარმოებდა. იქ ყველა შესაბამისი ნიშანი იყო განთავსებული“ - განაცხადა ფაშინიანმა.

მისი განცხადებით, სამხედროების გატაცების ყველა გარემოება უნდა იყოს შესწავლილი, თუმცა, ფაშინიანის თქმით, ფაქტია, რომ ისინი სომხეთის ტერიტორიიდან გაიტაცეს.

„განვითარებული მოვლენები სრულიად მიუღებელია სომხეთისთვის. ეს იმიტომ ხდება, რომ ვიღაცას სურს, რომ ჩვენ საკუთარ ტერიტორიაზე აზერბაიჯანული ძალების ყოფნას შევეგუოთ, მაგრამ ეს არ მოხდება. ეს საკითხი შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა იყოს გამოყენებული. არ უნდა ხდებოდეს ამ თემის გამოყენება ჩვენი შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ, ისინი ასრულებენ საკუთარ მოვალეობას და სომხეთის საზღვარს იცავენ“ - განაცხადა ფაშინიანმა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ ეს ფაქტი სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს პირდაპირ საფრთხეს უქმნის, რაც საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთმა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს.

ცნობისთვის, სააგენტო „არმენპრესმა“ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის გეგარკუნიკის ოლქში აზერბაიჯანელმა სამხედროებმა 6 სომეხი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედროები აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს საინჟინრო სამუშაოებს აწარმოებდნენ, რა დროსაც მათ აზერბაიჯანელებმა ალყა შემოარტყეს და დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამჟამად ტყვედ აყვანილი სამხედროების დასაბრუნებლად ყველა აუცილებელი ღონისძიება ტარდება.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ დაკავებული სომეხი სამხედროები აზერბაიჯანის საზღვრის გადაკვეთას ცდილობდნენ. ბაქო ერევანს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს.

ასევე აზერბაიჯანული მხარე იუწყება, რომ საზღვართან სომხეთის ტექნიკის და ცოცხალი ძალის კონცენტრაცია შეინიშნება.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 აზერბაიჯანელმა სამხედროებმა 6 სომეხი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს

🔅 ქელბაჯარის რაიონში სატვირთო ნაღმზე აფეთქდა - არიან დაღუპულები და დაჭრილები